გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ,,ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატად დიმიტრი ხუნდაძე დაასახელა.

"ბატონი დიმიტრი გახლავთ პარლამენტარი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრი და გამორჩეული დეპუტატი, იგი გახლავთ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი. მცხეთელები კარგად იცნობთ მას, დარწმუნებული ვარ, რომ მას თქვენი მხარდაჭერა ექნება და თქვენ ღირსეული წარმომადგენელი გეყოლებათ საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი იქნება გამოცდილი პარლამენტარი, მთის კანონის თანაავტორი, ზაქარია ქუცნაშვილი.

"არც მას სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. ზაქრო ამ კუთხის შვილია, მთიანეთის ნამდვილი პატრიოტია და დარწმუნებული ვარ, არ მოგაკლებთ ყურადღებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ვინაიდან სამი რაიონი გაერთიანდა, ყაზბეგის, სტეფანწმინდისა და დუშეთის რაიონებს წარმომადგენლობა პროპორციულ საპარლამენტო სიაში ეყოლებათ.

მისი შეფასებით, ეს მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში.

გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატებს წარმატებები უსურვა.

"მინდა, გამოვთქვა რწმენა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს. ჩვენ ფიცს ვდებთ, აქ, ამ წმინდა მიწაზე, რომ მოვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, თითოეული თქვენგანის ინტერესს და საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება. ამის წინაპირობაა, პირველ რიგში, თქვენი მხარდაჭერა და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის", - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას.

myquiz