თურქეთის ელჩის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საფრთხე რიგითი მოქალაქეებისა და ქვეყანაში ჩასული ვიზიტორებისთვის | Allnews.Ge

თურქეთის ელჩის თქმით, ქვეყანაში არ არსებობს არანაირი საფრთხე რიგითი მოქალაქეებისა და ქვეყანაში ჩასული ვიზიტორებისთვის

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთში არანაირი საფრთხე არ არსებობს რიგითი მოქალაქეებისთვის და ქვეყანაში ჩასული ვიზიტორებისთვის, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ არ არსებობს არანაირი საფრთხე. თურქეთში რომ წახვიდეთ, საგანგებო მდგომრეობით გამოწვეულ ვერავითარ ცვლილებას ვერ იგრძნობთ", - განაცხადა გუმრუქჩუმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არავითარ გავლენას არ ახდენს და არ ვრცელდება ქვეყანაში ჩასულ ვიზიტორებზე.

რაც შეეხება თურქეთში ავიარეისების განხორციელებას, ელჩის თქმით, ამ კუთხით რაიმე შეფერხება არ არსებობს. მან ასევე უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აეროპორტში გაფრენამდე 5-6 საათით ადრე გამოცხადებაა საჭირო.

ამასთან, ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ გამოქვეყნებული განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.

რაც შეეხება თურქეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ მიღებულ ზომებს, ელჩის თქმით, ანალოგიური საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია საფრანგეთსა და ბელგიაში და "ეს არის ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ადამიანის უფლებების დარღვევისკენ".

რაც შეეხება სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორს, თურქეთის ელჩის განცხადებით, პუტჩის დროს თურქი სამხედროები იღებდნენ მითითებებს გარე პირებისგან, ხოლო თურქეთის მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სამხედრო გადატრიალება დაგეგმილი იყო "ფეთჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციის" მიერ.

"სამხედრო გადატრიალება თავიდანვე კარგად იყო დაგეგმილი და მხარდაჭერილი, თუმცა ორგანიზატორები არ ელოდებოდნენ თურქეთის მთავრობის, მედიისა და ხალხის კონსოლიდირებულ ქმედებებს", - აღნიშნა ელჩმა.

myquiz