გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვმართებს მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენ გვმართებს მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან

საქართველო გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად რჩება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფოთში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას კვირიკაშვილმა ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებასა და სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმართვაზეც გაამახვილა ყურადღება.

"დღეს, საქართველოში გაცილებით მეტი სტაბილურობაა, ვიდრე გვქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. მე მგონი, ამას ყველა გრძნობს. მიუხედავად იმ მოვლენების, რაც რეგიონში თუ მისგან მოშორებით ხდება, საქართველო რჩება გარკვეულ სტაბილურობის კუნძულად. ეს სწორედ შესაძლებელი გახდა ძალიან გაწონასწორებული, ძალიან პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ თანმიმდევრული დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ამავე დრო სწორი საგარეო პოლიტიკით, შევამციროთ რისკები ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვმართებს იმ სამეზობლოში, სადაც ვცხოვრობთ, მოვაგვაროთ ურთიერთობები ყველა მეზობელთან.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება ვუზრუნველყოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს სუვენერულ გადაწყვეტილებებს. სწორედ ამის საფუძველზე, საჭიროა შევქმნათ მეტი სტაბილურობა ქვეყანაში იმისათვის, რომ გრძელვადიანი განვითარების გეგმებზე ვიფიქროთ", - განაცხადა პრემიერმა.

myquiz