მერაბ მეტრეველი - "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების შეეშინდა | Allnews.Ge

მერაბ მეტრეველი - "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნოდ საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების შეეშინდა

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი მერაბ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო უსაფრთხოებას სახელმწიფოს მხრიდან არანაირი ყურადღება არ ექცევა.

როგორც მეტრეველმა განაცხადა, ამ მხრივ საშინელი სტატისტიკაა, რომლის გამოსწორებასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ცდილობს. მისივე თქმით, შსს-ს საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების წინასაარჩევნოდ შეეშინდა.

"ეს საკითხი ქუთაისში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ კიდევ ერთხელ წამოწია. მინდა გარდაცვლილების ოჯახებს მივუსამძიმრო და დაშავებულებს ჯანმრთელობა ვუსურვო. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ წამოწია თუ რაოდენ მტკივნეულია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის. საშინელი სტატისტიკაა ამ მხრივ. წელიწადში დაახლოებით 600 ადამაინი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად იმის გამო, რომ საქართველოში ამ საკითხს არ ექცევა სათანადო ყურადღება. რამდენიმე თვის წინ შსს-მ თავად იგრძნო ამ პრობლემის გამოსწორების აუცილებლობა.

შეიმუშავა კანონპროექტი, რაშიც შესაძლოა გარკვეული საკითხები იყოს სადავო, თუმცა მთლიანობაში თემა რომ საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრებისკენ უნდა წავსულიყავით, იყო მისასალმებელი.

თუმცა, "ოცნებას" შეეშინდა არჩევნების და გადაწყვიტა რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა არაპოპულარული და გადადეს.

"ოცნებამ" წინასაარჩევნო პოპულიზმს შეწირა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება და იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც შესაძლოა დაიღუპნონ. მე არ ვამბობ, რომ ამ კანონის მიღება საერთოდ აღმოფხვრიდა ავარიებს, მაგრამ მისი მიღება სტატისტიკის შემცირებისთვის მაინც იყო აუცილებელი.

"ოცნებას" ჰგონია, რომ გამკაცრებით ხმებს დაკარგავენ, იქნება არაპოპულარული ნაბიჯი, თუმცა პირიქით, უმეტესობა მიესალმება ამას. არჩილ თალაკვაძეს მინდა ვკითხო, ეთანხმება თუ არა ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადადებას", - განაცხადა მეტრეველმა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებასაც" აქვს შიშები წინაასაარჩევნოდ ჯარიმების გამოწერასთან დაკავშირებით.

"ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰქონდა ანალოგიური შიშები, როცა პატრულს წინაასარჩევნოდ ეუბნებოდნენ ჯარიმები არ გამოწეროთო.

მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ახლაც ასე გრძელდება, "ოცნებაც" იგივე გზას ადგას და პატრულს ეუბნება ჯარიმები არ გამოწეროო. ეს დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, მაგრამ ასეთი ხმები მომდის", - განაცხადა მეტრეველმა.

myquiz