ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება | Allnews.Ge

ზურაბ აბაშიძე - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, არ არსებობს არანაირი წინსვლა რუსეთთან ისეთ რთულ საკითხებში როგორიცაა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, საქართველო არ შეეგუება იმ რეალობას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშია შექმნილი.

"სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ არის, ყველაზე რთულ საკითხებთან მიმართებაში, მხედველობაში მაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განიხილება უმთავრესად ჟენევის კონსულტაციების ფორმატში. თუკი რუსეთის მხარეს ექნება პოლიტიკური ნება, ჩვენ მზად ვართ ერთობლივად გადავდგათ ნაბიჯები, ამ ყველაზე რთული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების თვალსაზრისით.

იმ რეალობას, რაც შექმნილია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში საქართველო არანაირად არ შეეგუება და ჩვენ ამას ყველგან ხაზგასმით აღვნიშნავთ, მათ შორის, რუს კოლეგებთან ჩვენი კონტაქტების დროსაც. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ და ვერ განიხილება, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შექმნილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. მაგრამ თუკი მოხდება სერიოზული წინსვლა და პროგრესი ამ ყველაზე რთული პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების თვალსაზრისით, რაღაც ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, მაგრამ არა ახლა", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში აღნიშნავს, რუსეთთან მიმართებაში არსებობს მთელი რიგი პრაქტიკული საკითხები, სადაც გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა.

"ბოლო 3 წლის მანძილზე, ჩვენ აღვადგინეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ხელს ვუწყობთ ტურიზმის განვითარებას, ვაგვარებთ გარკვეულ ჰუმანიტარულ პრობლემებს, გარკვეულწილად ასევე გამარტივდა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში მიემგზავრებიან, ასე რომ პრაქტიკული მიმართულებებით, ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა თბილისიდან უნდა წამოვიდეს.

"ქართულმა ხელმძღვანელობამ, მიხეილ სააკაშვილის დროს, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. ამ სიტუაციის გამოსწორება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი - უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია, ნაბიჯი ჩვენმა ქართველმა მეზობლებმა უნდა გადადგან", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

myquiz