ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას გიულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას გიულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვისკენ მოუწოდებს

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში არსებული ყველა იმ სასწავლებლის მინიმუმ ერთი წლით დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვს, რომლებიც შესაძლოა ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდებოდეს.

ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ "დემოკრატიული მოძრაობის" სათავო ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლობენ, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებამ სხვადასხვა დაწესებულებებში უნდა გადანაწილდნენ.

"მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასწრაფოდ მიიღოს ზომები და დახუროს ყველა ის სასწავლებელი როგორც აჭარაში, ასევე მთელ საქართველოში, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს გულენის სახელს. ეს სასწავლებლები უნდა დაიხუროს, უნდა შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო კომისია, რომელიც გამოიძიებს ამ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საკითხს და ვიდრე საბოლოოდ არ გაირკვევა მათ მიმართ არსებული პრეტენზიის თაობაზე, სასწავლებლებს ლიცენზია უნდა შეუჩერდეს.

ბუნებრივია, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებელებში სწავლობენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს ახალგაზრდები, მათი უფლებებისა და ინტერესების შელახვის გარეშე, გადანაწილდნენ სხვა სასწავლებლებში ისე, რომ მათი სასწავლო პროცესის განხორციელებას ხელი არ შეეშალოს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ის ბრალდებები, რომელიც ისმის ამ სასწავლებლებთან დაკავშირებით, არის ძალიან სერიოზული ბრალდებები და მათი შესწავლა უნდა მოახდინოს უპირველეს ყოვლისა უშიშროების სამინისტრომ და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს განათლების სამინისტრო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ამ დღეებში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად არ ჰყავს, მიმართვა იმ ადამიანების მისამართით გააკეთა, რომლებიც დროებით, არჩევნებამდე იკავებენ თანამდებობებს. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოსათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდება რეგიონში და მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა და ვთარდება თურქეთში.

"ასევე მინდა საგანგებოდ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ მე ძალიან კარგად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსათვის კეთილმეზობლური, ნორმალური და სტრატეგიული თანამშრომლობა თურქეთთან. ამასთანავე არის ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა, მაქსიმალურად დაცული იქნას საქართველოს ეროვნული ინტერესები.

თურქეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების ორგანიზებაში ის ადანაშაულებს ფეთულა გულენს. რა თქმა უნდა, მე არ შემიძლია ვამტკიცო ან ერთი - დანაშაული ამ ადამიანისა, ან მეორე - უდანაშაულობა. არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ეხება ამ ადამიანის სახელთან დაკავშირებულ სასწავლებლებს, რომლებიც განლაგებულია საქართველოში.

მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ძალიან სერიოზული მითქმა-მოთქმა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ გაბედავს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. მან ასევე მოიყვანა აზერბაიჯანის მაგალითი, რომელმაც ანალოგიური სასწავლებელი, საკმაოდ პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, სწორედ ამ მოტივით დახურა.

"მე კატეგორიულად მოვითხოვ საქართველოს ხელისუფლებისაგან ჩემს ამ ინიციატივაზე და მიმართვაზე პასუხს, იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა სასწავლებელი, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს გიულენის სახელს როგორც აჭარაში, ასევე მთელ საქართველოში, მინიმუმ ერთი წლით უნდა დაიხუროს, ვიდრე არ გაირკვევა ამ ორგანიზაციების სრული ინფორმაცია რეალური არსის შესახებ. ამასთანავე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაცული უნდა იყოს ამ სასწავლებლების როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა უფლებები" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

myquiz