ქრთამის აღების ფაქტზე რუსთავის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე დააკავეს | Allnews.Ge

ქრთამის აღების ფაქტზე რუსთავის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიწის ნაკვეთების საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე გრიგორ კამკამიძე დააკავა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებული კორუფციული გარიგების თანახმად, მოქალაქეს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებაში. აღნიშნულისათვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ გრიგორ კამკამიძემ ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 2500 ლარი".

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

myquiz