მაიკლ ტერნერი - რუსეთმა 2008 წლის ომი დაგეგმა, როგორც საქართველოს დასჯის მეთოდი | Allnews.Ge

მაიკლ ტერნერი - რუსეთმა 2008 წლის ომი დაგეგმა, როგორც საქართველოს დასჯის მეთოდი

რუსეთმა 2008 წლის ომი დაგეგმა, როგორც საქართველოს დასჯის მეთოდი იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზა აირჩია.

ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი წერს თავის ანგარიშში სახელწოდებით: "შეკავება დაცვის მიზნით: ნატო-ს დაპირების შესრულება“.

"რუსეთი იყენებს ძალას თავის მცდელობებში, ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინის არჩევანის თავისუფლება. 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს რეგიონებში - ფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავისი ე.წ. "სამშვიდობო“ ძალებისთვის ვითომდა არსებული საფრთხის გამო, რუსეთმა განახორციელა პირდაპირი შეიარაღებული შეჭრა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ ეს ომი დაგეგმილი იყო, როგორც საქართველოს დასჯის მეთოდი იმისთვის, რომ მან ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზა აირჩია.

რუსეთის სამხედრო აგრესია იყო სრულიად არაპროპროციული იმ შეტაკებებთან მიმართებაში, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ ოსეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, რუსეთმა თავისი ბირთვული ძალებიც კი მოიყვანა მზადყოფნაში. ამან მოსკოვს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე სამხედრო კონტროლის გაფართოებისა და გაძლიერების საშუალება მისცა.

რუსეთის ქმედებები იყო საერთაშორისო სამართალის პირდაპირი დარღვევა, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სულ მცირე 32 რეზოლუციისა, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

მიუხედავად ამისა, რუსეთმა აღიარა ორი სუბიექტის "თვითაღიარებული დამოუკიდებლობა“ რასაც, მხოლოდ გაერო-ს სამმა წევრმა - ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ დაუჭირეს მხარი“, - წერს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე.

მაიკლ ტერნერი აღნიშნავს, რომ რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დღემდე ჰყავს განლაგებული რამდენიმე ათასი სამხედრო და კვლავ განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს.

ანგარიშის თანახმად, უკრაინაში შეჭრით და მისი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით პუტინის რუსეთმა დაანახა მსოფლიოს, რომ ის არამხოლოდ უარს ამბობს თანამშრომლობაზე, არამედ აგრესიული, არაპროგნოზირებადი და მატყუარა ქვეყანაა.

მაიკლ ტერნერი წერს, რომ რუსეთის ქმედებები მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან მანამდეც არსებობდა უამრავი გამაფრთხილებელი სიგნალი. თუმცა, დასავლურ პოლიტიკას მეტისმეტად დიდხანს ამოძრავებდა მცდარი აზრი, რომ რუსეთმა დასავლური ტიპის დემოკრატიის, ლიბერალიზმისა და საერთაშრისო თანამშრომლობის გზა აირჩია.

"დასავლეთმა უკანა პლანზე 2008 წლის საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციაც კი გადასწია, რადგან მისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთთან თანამშრომლობის იმედს, ვიდრე საერთაშორისო სამართალსა და ვითომდა ურყევ პრინციპებს“, - აღნიშნავს მაიკლ ტერნერი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე წერს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი და ფუნდამენტალური ნორმები დაარღვია, რის გამოც უახლოეს მომავალში რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა მოსალოდნელი არ არის.

მაიკლ ტერნერი წერს, რომ ვარშავის სამიტზე მთავარი პრიორიტეტი ნატო-ს შემაკავებელი ფუნქციების შემდგომი გაძლიერება უნდა გახდეს, ნატო-მ უნდა გადადგას შემდგომი ნაბიჯები კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებისთვის, უზრუნველყოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დროული ამოქმედება და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ კვლავ რჩება ბირთვული ძალების მქონე ალიანსად.

myquiz