დავით უსუფაშვილი - თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ გვჭირდება | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი - თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი არ გვჭირდება

ჩვენ ეუთო-ს შევპირდით, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებაში მონაწილეობენ.

ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც, ესპანეთის დელეგაციასაც, აშშ-ს დელეგაციასაც და საერთოდ ყველას, - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას და მათ მიერ "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ" კანონის დარღვევას ეხება.

ამასთან, უსუფაშვილი იმასაც ამბობს, რომ "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მოქმედებს ყოველ დღეს და ყველა წუთს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. ეს არის ეუთო-ს ღონისძიება. ამ თვალსაზრისით ჩვენ ახლა ეუთო-ს ტერიტორიაზე ვიმყოფებით. როდესაც ჩვენ ეუთო-სთან ამ თემაზე გვქონდა საუბარი, როგორც მიღებულია საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში, ეუთოს შევპირდით, რომ ასამბლეის მონაწილე დელეგატებს საქართველოში არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, ვიდრე ისინი ეუთო-ს ღონისძიებებში მონაწილეობენ. ეს ეხება რუსეთის დელეგაციასაც, ესპანეთის დელეგაციასაც, აშშ-ს დელეგაციასაც და საერთოდ ყველას.

თუკი ვინმეს კანონი აქვს დარღვეული, სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებენ, მაგრამ ამავე დროს აქ მუშაობის პროცესში ხელი არავის შეეშლება. "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი მოქმედებს და ის მოქმედებს ყველა დღეს და ყველა წუთს.

ამასობაში ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ღონისძიებებში მონაწილეობის პროცესში ხელი არავის შეეშალოს. საერთაშორისო ვალდებულებები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენი შიდა კანონმდებლობა", - აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სთხოვა, საქართველოში რუსეთის დელეგაციის შემოსვლის საკითხზე კითხვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ასამბლეის ვიცე-თავმჯდომარეს გიგი წერეთელსაც დაუსვან. უსუფაშვილის განმარტებით, წერეთელმა მასთან ერთად მისცა პირობა ეუთო-ს იმისა, რომ საქართველოში ყველა ქვეყნის დელეგაცია ეუთო-ს ღონისძიებებში შეუფერხებლად იმუშავებს.

"ამიტომ ჩვენ ამ თემის გარშემო აჟიოტაჟი არ გვჭირდება. გვჭირდება იმ საკითხებზე სერიოზული ყურადღების გამოჩენა, რაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის მისაღები. ამასთან, მზად ვართ ქვეყანას ნებისმიერი პროვოკაცია ავაცილოთ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის.

ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან უნდა ვიყოთ პირნათელი და ვერ ვიქნებით პირნათელი, თუკი მათ ხელს შევუშლით ნორმალურად ფუნქციონირებაში, მათ შორის საქართველოში. ამით ჩვენ წავაგებთ. ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად ვართ, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში და რუსულ ოკუპაციასთან გამკლავებაში, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ იმ წესებისა და სტანდარტების დაცვით, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ითვალისწინებს", - ამბობს უსუფაშვილი.

myquiz