მარგველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს - გიგი წერეთელი დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია | Allnews.Ge

მარგველაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს - გიგი წერეთელი დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია

გიგი წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული, - ასე ახასიათებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ წერილში "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიგი წერეთელს.

წერილში პრეზიდენტი წერეთელს, რომელიც ევროპის სახალხო პარტიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა, დადებით შეფასებას აძლევს.

"ბატონ წერეთელს 20 წელიწადზე მეტია ვიცნობ. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პარლამენტარია და საერთო ინტერესების საფუძველზე კონსენსუსის მიღწევაზეა ორიენტირებული. ის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად ორჯერ იყო არჩეული და ასამბლეის მუშაობაში თითქმის 10 წელიწადია ჩართული. მჯერა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის ის ფასეული ფიგურა იქნება.

უფრო მეტიც, ბ-ნი წერეთელი გახდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის წარმომადგენელი იქნება. მისი არჩევა იქნება ძლიერი სიგნალი ქართველებისთვის, რომლებიც ისტორიულად, საკუთარ თავს ევროპელებად მიიჩნევენ.

აქედან გამომდინარე, ნება მიბოძეთ მხარი დავუჭირო მის კანდიდატურას და ვიმედოვნო, რომ მის არჩევას თქვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნება", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.

გიორგი მარგველაშილი ასევე მიესალმება, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე ყოველწლიური შეხვედრა თბილისში გაიმართება და უსურვებს ასამბლეის წევრებს პროდუქტიულ მუშაობას.

myquiz