კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი | Allnews.Ge

კონსული - ათათურქის აეროპორტიდან საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი

ათათურქის აეროპორტში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე სასტუმროშია გადაყვანილი, - ამის შესახებ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, თურქეთის მხარისა და საქართველოს მთავრობის დახმარებით, დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქის დაბინავება მოხდა.

"საქართველოს მოქალაქეები ვნახეთ და ყველა დავაბინავეთ. მათი ნაწილი საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდა, მაგრამ უფრო შედეგიანი იყო ათათურქის აეროპორტში მათი ნახვა. მგზავრთა ერთი ნაწილი თურქეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი ავტობუსით გადავიყვანეთ სასტუმროებში, ნაწილი კი საკონსულოს მანქანებით", - განაცხადა გენერალურმა კონსულმა.

ამასთან, ასოშვილის ინფორმაციით, საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თანხა არ ჰქონდათ, სასტუმროში დაბინავების მიზნით შესაბამისი რესურსი საქართველოს მთავრობამ გამოყო.

"მოქალაქეების იმ ნაწილს, ვისაც თანხა არ გააჩნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოეყო ფინანსური სახსრები, რის შესაბამისადაც ისინიც სასტუმროებში გადავიყვანეთ. ასეთი კატეგორიის პირი 60-65 იყო, საერთო ჯამში კი, სასტუმროებში დაახლოებით საქართველოს 100-მდე მოქალაქე გადავიყვანეთ", - განაცხადა ირაკლი ასაშვილმა.

myquiz