გამოიწვევს თუ არა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი დომინოს ეფექტს? | Allnews.Ge

გამოიწვევს თუ არა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმი დომინოს ეფექტს?

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგი ცნობილია. ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას ამომრჩევლის 51,9%-მა დაუჭირა მხარი, 48,1 % წინააღმდეგი იყო.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლა ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, ეს იქნება ერთგვარი წახალისება ევროპის სხვა ქვეყნებისთვისაც.

ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, განცხადებები სხადასხვა ქვეყნების ლიდერებმაც გააკეთეს.

ერთ-ერთი პირველი შოტლანდიის მთავრობის მეთაური იყო, რომელმაც განაცხადა,  რომ შოტლანდია საკუთარ თავს მხოლოდ ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ შესაძლებელია რეფერენდუმი შოტლანდიაშიც ჩატარდეს, რათა ის ბრიტანეთისგან დამოუკიდებლად გახდეს ევროკავშირის წევრი.

"აქ ჩატარებული რეფერენდუმი ცხადყოფს, რომ შოტლანდიის მოსახლეობა საკუთარ თავს მომავალშიც ევროკავშირის შემადგენლობაში ხედავს".

რა მოხდება თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა?

ნიკოლა სტერჯენის მსგავსი განცხადება გააკეთა ჰოლანდიელმა პოლიტიკოსმა ჰერტ ვილდერსმაც:

"დროა ახალ გზას დავადგეთ, ვირწმუნოთ საკუთარი ქვეყნის ძალა და სუვერენიტეტი, ჰოლანდიის მოსახლეობაც იმსახურებს მსგავს რეფერენდუმს".

"გვსურს ვიყოთ ჩვენი ქვეყნის უფროსები და თავად განვკარგავდეთ ჩვენი ქვეყნის შემოსავალს. ვიცავდეთ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და ვხელმძღვანელობდეთ ჩვენი ქვეყნის მიგრაციულ პოლიტიკას"- განაცხადა ჰოლანდიელმა მემარჯვენე პოლიტიკოსმა.

"დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ჩრდილოეთ ირლანდიამ ირლანდიასთან გაერთიანების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩაატაროს", - აღნიშნული განცხადება ჩრდილოეთ ირლანდიის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიის "შინ ფეინის" ლიდერმა, დეკლან კერნიმ გააკეთა.

"დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ცვლის პოლიტიკურ სიტუაციას ჩრდილოეთ ირლანდიაში. ჩვენ გავააქტიურებთ ძველ მოწოდებებს ხმის მიცემის პროცედურის ჩატარების თაობაზე", - განაცხადა კერნიმ.

"ბრიტანელმა ხალხმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი, მათ სურვილს პატივი უნდა ვცეთ. ძალიან ვამაყობ, რომ ექვსი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიყავი, მაგრამ, ჩემი აზრით, ქვეყანას ახალი ხელმძღვანელობა სჭირდება. ვფიქრობ, ჩვენ ახალი პრემიერ-მინისტრი ოქტომბრისთვის უნდა გვყავდეს", - განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ ქემერონმა გადადგომის შესახებ განაცხადა

დიდ ბრიტანეთში გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

myquiz