გიორგი ბადრიძე - ერთადერთი, ვინც ბრიტანეთის რეფერენდუმით მოგებული დარჩება, თუ ევროკავშირში პოზიტიური ცვლილებები არ მოხდა, რუსეთია | Allnews.Ge

გიორგი ბადრიძე - ერთადერთი, ვინც ბრიტანეთის რეფერენდუმით მოგებული დარჩება, თუ ევროკავშირში პოზიტიური ცვლილებები არ მოხდა, რუსეთია

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩის გიორგი ბადრიძის შეფასებით, ბრიტანეთის რეფერენდუმის ერთადერთი პოზიტიური შედეგი შეიძლება, ევროკავშირის მიერ დიდი ხნის დაგვიანებული შიდა რეფორმების დაწყება იყოს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბადრიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების შეფასებისას განუცხადა, ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების "ნეგატიური შედეგი უკვე სახეზეა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს საკმაოდ ცუდი იქნება ბრიტანეთისთვის".

"თუ არ მოხდა რაღაც ძირფესვიანი ცვლილებები, ბრიტანეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირიდან გამოსვლით წესით არ მოიგებს. ამ მომენტისთვის უკვე დასუსტდა ბრიტანული ფუნტი. მისი საფონდო აქციების ფასი ეცემა და არანაირი გარანტია არ არის, რომ ბრიტანეთი მალე შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი ხელშეკრულებების დადებას თავის მთავარ პარტნიორებთან. გარანტია იმისა, რომ ბრიტანეთი მიიღებს იმ უპირატესობებს, რისი იმედიც აქვს ევროკავშირის რეგულაციებიდან თავის დაღწევის შედეგად, არ არსებობს. ამერიკის შეერთებულ შტაბებს გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ ბრიტანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად რიგში ჩადგომა დასჭირდება. იგივე ეხება სხვა დიდ პარტნიორებს - ჩინეთს, იაპონიას და ა.შ. ანუ, ბრიტანეთს მოუწევს საკმაოდ სერიოზული სამუშაოს ჩატარება და ამას დასჭირდება მრავალი წელი. რით დამთავრდება ეს და ზარალი უფრო ნაკლები იქნება თუ არა, ვიდრე მოგება, ვერავინ იტყვის", - განაცხადა ბადრიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირს, გიორგი ბადრიძის შეფასებით, მას აქვს შანსი, ეს რეფერენდუმი მიიღოს როგორც სერიოზული სიგნალი რეფორმირებისთვის, თუ ამის ნება ეყოფა.

"ეს შეიძლება იყოს ერთადერთი პოზიტიური გამოსავალი, რომ ევროკავშირმა დიდი ხნის დაგვიანებული შიდა რეფორმები ენერგიულად დაიწყოს. სხვა შემთხვევაში, ევროკავშირი ბრიტანეთის გარეშე, რა თქმა უნდა, უფრო დასუსტებული იქნება. მასში ცენტრიდანული ძალები მიიღებენ ახალ იმპულსს. უკვე ისმის სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროსკეპტიკოსი ძალების ხმები მსგავსი რეფერენდუმების შესახებ. ერთადერთი, ვინც ნამდვილად მოგებული დარჩება, თუ რაიმე პოზიტიური ცვლილებები არ მოხდა, როგორც ვთქვით, იქნება რუსეთი. რუსეთისთვის დასუსტებული ევროკავშირის და დასუსტებული ბრიტანეთი ნამდვილად მისასალმებელია", - აღნიშნა ბადრიძემ.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის გამოსვლა ევროკავშირში ძალიან მნიშვნელოვან მხარდამჭერს გვაკარგვინებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირს ეძლევა შანსი, რომ მოახდინოს რეფორმირება და ბევრი დაგროვილი პრობლემის მოგვარება.

"ყველა პრობლემას თავისი შესაძლებლობა მოაქვს ხოლმე და თუ ამ შესაძლებლობას ევროკავშირი გამოიყენებს, ჩვენთვისაც კარგი იქნება", - დასძინა გიორგი ბადრიძემ.

myquiz