რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი | Allnews.Ge

რაში იხარჯება საქართველოს ბიუჯეტი

ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს პარლამენტი ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ამტკიცებს. ფინანსები პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. მაგალითად, ბოლო წლებია სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებია ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, თავდაცვა და უსაფრთხოება, რეგიონული განვითარება, ინფრასტრუქტურა და ტურიზმი, განათლება და მეცნიერება, კულტურა, რელიგია, სოფლის მეურნეობა და ა.შ.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტმა დაახლოებით, 10 მილიარდი ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე დიდი რესურსი მიმართულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე - 3 მილიარდ 162 მილიონი ლარი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებში 2016 პირველი წელია, როცა ჯანდაცვის სამინისტროს მერე, მეორე ადგილს განათლების სამინისტრო იკავებს, რომლისთვისაც გამოყოფილია 975 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321 მილიონი ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 950 მილიონი ლარი, თავდაცვის სამინისტროსთვის 670 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 595 მილიონი ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის 100 მილიონი ლარი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის 153 მილიონი ლარი, ენერგეტიკის სამინისტროსთვის 135 მილიონი ლარი, ეკონომიკის სამინისტროსთვის 95 მილიონი ლარი, საგარეო საქმეთა სამინისტოსთვის 110 მილიონი ლარი, კულტურის სამინისტროსთვის 97 მილიონი ლარი და ა.შ. ყველაზე ნაკლები თანხა გამოყოფილია გარემოს დაცვის სამინისტროსთვის, რომელიც 42 მილიონ ლარს შეადგენს.

რამ გამოიწვია ლარის კვლავ გაუფასურება

კითხვაზე, როგორ უნდა ანაწილებდეს სახელმწიფო ბიუჯეტი პრიორიტეტებს, "აფბას" ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი Allnews.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს სოციალური ხარჯები და აქცენტი გაკეთდეს განათლებასა და მეცნიერებაზე.

"ბოლო წლების ბიუჯეტში მთავარი მიმართულება ჯანდაცვის სფერო და სოციალური ხარჯებია, თუმცა მიმაჩნია, რომ სოციალური ხარჯები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

ამას გარდა, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 2 მილიარდამდე თანხა ჩაიდო სოფლის მეურნეობაში და მისი წარმოება ძალიან მცირედით გაიზარდა.

ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ბიუჯეტის თანხებს ისეთ სფეროებზე მივმართავთ, როგორიც არის განათლება, მეცნიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები, ანუ ის, რაც დღეს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტულია.

"რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, რომ აგრარული ქვეყანა ვართ, მთელი ქვეყნა რომ გადავხნათ, იმდენი მოსავალი არ მოგვივა, რომ ექსპორზტე გავიტანოთ,

ამიტომ უკეთესი იქნება, ეს თანხები დავზოგოთ და ჩავდოთ განათლებაში, ახალგაზრდებში, რაც შემდეგ უკუგებას მოგვცემს", - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

მისი თქმით, სოციალურ სფეროზეა პრიორიტეტები გათვლილი სკანდინავიის ქვეყნებშიც, განსხვავებით აშშ-სგან, სადაც აქცენტი თავდაცვასა და ბიზნესის განვითარებაზეა.

"რაც შეეხება ევროპის ქვეყნების ბიუჯეტებში არსებულ პრიორიტეტებს, მაგალითად გერმანიაშიც და სკანდინავიის ქვეყნებშიც ბიუჯეტი ორიენტირებულია სოციალურ სფეროზე, თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ბიუჯეტიდან გასცენ მაღალი პენსიები, მისცენ მოსახლეობას სრული ჯანდაცვა. ჩვენთან ბიუჯეტი სულ 10 მილიარდია და აქედან 4-5 მილიარდი იხარჯება ჯანდაცვაზე, სოფლის მეურნეობასა და ხელფასებზე, ეს თანხები იხარჯება იმაზე, რაც შემდეგ პროდუქტს არ ქმნის ეკონომიკაში.

სოფლის მეურნეობის სექტორში თანხები არამიზნობრივად იხარჯება - ექსპერტების შეფასებები

"მაგალითად აშშ-ში უფრო ნაკლები იხარჯება სოციალური კუთხით და აქცენტი გაკეთებულია თავდაცვაზე, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რომლის განვითარებაც ჩვენ მხოლოდდამხოლოდ ახლა დავიწყეთ, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში განათლება და მეცნიერება უნდა იყოს", - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.

თეა ბეჟიტაშვილი

ALLNEWS.GE

ინფოგრაფიკა: feradi.info

როგორ ვმართოთ საკუთარი ბიუჯეტი ეფექტურად? - რჩევები მათ, ვისაც ფულის დაზოგვა სურს

myquiz