"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები | Allnews.Ge

"ნაცმოძრაობიდან" და მმართველი კოალიციიდან გასული პარტიები - მათი შანსები და ხედვები

როგორც ჩანს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პარტიების მრავალფეროვნებით იქნება დასამახსოვრებელი.

გაუწევს თუ არა "კონკურენციას" მოქმედ და საზოგადოებისთვის ცნობილ პარტიებს ახალი პარტიები, ეს ოქტომბერში გაირკვევა, მანამდე კი ამ პარტიების წარმომადგენლებს მათ საარჩევნო შანსებსა და კონკრეტულ გეგმებზე ვესაუბრეთ.

Allnews.ge პარტიების ეკონომიკური ხედვებით დაინტერესდა.

გოგა ხაჩიძე, "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი": ჩვენი საარჩევნო შანსები არის ქართულ საზოგადოებასა და ამომრჩეველში. ჩვენი საარჩევნო შანსები მაშინ დაიწყება, როდესაც "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პარტიები გაბედავენ და ეკონომიკურ პროგრამაზე სადებატოდ დასხდებიან ჩვენთან ღია სივრცეში. აი იქ დაიწყება ჩვენს კონკრეტულ შანსებზე ლაპარაკი. თუ ეს პარტიები ვერ გაბედავენ ჩვენთან სადებატოდ დასხდომას და ხალხი არ აიძულებს ამის გაკეთებას, მაშინ ყველა ჩვენგანის ბრალი იქნება რაშიც აღმოვჩნდებით.

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტია": საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ამ დღეებში გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემუშავებული ყველა სფეროზე, თუ როგორ ვაპირებთ მათ განვითარებას, თუმცა პრეზენტაციამდე ამის ხმამაღლა გაჟღერებას არ ვაპირებთ.

გიორგი ვაშაძე, "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე: ვფიქრობ, რომ 5 ივნისს, როდესაც რუსთაველზე გვქონდა დიდი შეკრება, ნათელი გახდა, რომ საარჩევნო ბარიერის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. ახლა ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველთან მივიდეთ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან და გვყავს ძალიან ძლიერი გუნდი, რომლებიც ამ მიმართულებით ჩაერთვებიან.

სანდრო ბრეგაძე, პარტია "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი: ჩვენი საარჩევნო პროგრამის შავი ვარიანტი თეზისების სახით უკვე არსებობს, თუმცა ალბათ დაახლოებით 1 კვირაში დასრულდება ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროგრამაზე მუშაობა და სრული სახით წარვუდგენთ ამომრჩეველს. ამ თემაზე ჩვენმა ეკონომისტებმა იმუშავეს, თუმცა წინასწარ ვერ გეტყვით, დაველოდოთ სრული სახით ჩამოყალიბებას.

ზურა აბაშიძე, "თავისუფალი დემოკრატები": ჩვენ დიდი ხნის წინ წარმოვადგინეთ როგორც ეკონომიკური, ისე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკური პროგრამა. რეალურად ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ უკეთეს ეკონომიკურ მომავალს, უკეთეს ჯანდაცვას და ა.შ.

ეკონომიკური კუთხით ჩვენი მთავარი მიზანი იქნება საშუალო ფენის ჩამოყალიბება, რომელიც პრაქტიკულად არ არსებობს ქვეყანაში.

საშუალო ფენის ჩამოყალიბება იმას ნიშნავს, რომ უნდა გაიზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი, რაც რეალურად შეუწყობს ხელს ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას. ქვეყანაში უნდა მივიღოთ საშუალო ფენა, რომ გავაუმჯობესოთ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა.

პოლიტოლოგ გრიგოლ გეგელიას თქმით, "ქართული ოცნებიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულ "გაბრაზებულ" პოლიტიკოსებსა და მათ ახალ პარტიებს არჩევნებზე რეალური შანსები არ აქვთ.

"იდეების მხრივ "გირჩთან" არის სიახლე, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკა და სხვა ზოგადი ეთიკა, რაც აქვთ, "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსია, ამიტომ მათ ხანდახან ხუმრობით ვეძახი "ნაციონალური მოძრაობა 2". განსხვავებაა მხოლოდ მარიხუანას დეკრიმინალიზიაციის მოთხოვნაში, სხვა მხრივ, ეს ჩემთვის ისეთივე პოლიტიკური ძალაა, როგორიც იყო "ნაციონალური მოძრაობა".

"რაც შეეხება "ქართული ოცნებიდან" გამოსულ პოლიტიკოსებსა და მათ მიერ შექმნილ პარტიებს, ესენი არიან მარგინალები, მათ არავითარი პოტენციალი არ გაჩნიათ და სავარაუდოდ, ვერ მოხვდებიან პარლამენტში და არც უნდა მოხვდნენ.

მაგალითად, თამაზ მეჭიაური, რომელიც თუ არ ვცდები სამგზის პარლამენტარია, მაგრამ ეს არავინ იცოდა ბოლო დრომდე, როდესაც მან სრულიად ოდიოზური განცხადებების გაკეთება დაიწყო".

"გიორგი ვაშაძეზე და მის პარტიაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ვაშაძე ცნობილი იყო, როგორც საკმაოდ ეფექტური ბიუროკრატი, რომელმაც იუსტიციის რეფორმაში დიდი წვლილი შეიტანა. არ მგონია, რომ ვაშაძე რაღაც ახალ ძალას შექმნის, პარტიიდან განაწყენებული გამოვარდნა და ხუთ დღეში ახალი პარტიის შექმნა დიდი კომედიის ნაწილია, რომლის ერთ მხარეს არის მეჭიაური, მეორე მხარეს ვაშაძე, მესამე მხარეს კიდევ სხვა.

პიროვნებებთან კი არ მაქვს პრობლემა, არამედ როგორც ფენომენთან,

ესენი არსებითად ერთნი არიან, ვიღაცას გაუჯავრდებიან, პარტიიდან გამოდიან და ახალს ქმნიან, სწორედ ამ გზით საქართველოში 280-მდე პარტიაა,

საიდანაც რეალური გავლენა დაახლოებით ოთხ პარტიას აქვს და ესეც კიდევ საკამათოა", - ამბობს გეგელია.

მართალია პარტია ახალი შექმნილი არ აქვთ, თუმცა არჩევნებზე დამოუკიდებლად გავლენ კოალიციიდან გამოსული პარტიები - "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები".

"რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკურ პარტიას", მათ აქვთ შანსი მოხვდნენ ახალ პარლამენტში.

მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჯამში ბევრი ახალი პარტიაა, ეს პარტიები იყოფა ორ ბანაკად, ერთია შედარებით უფრო პროგრესული და დეკლარირებულად პროდასავლური პარტიები, ხოლო მეორეა ე.წ. სკეპტიკური პარტიები, რომლებიც სკეპტიკურად განწყობილნი არიან ევროპული გაერთიანებების მიმართ, ჩვენი რეალობის მიმართ და ა.შ.

"თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკელებს" თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ და ვფიქრობ, მომავალი მოწვევის პარლამენტში ამ პარტიებიდანაც იქნებიან დეპუტატები, ზოგადად კი, მაქვს მოლოდინი, რომ ამ მოწვევის პარლამენტი იქნება ჭრელი და მრავალფეროვანი, რაც კარგი იქნება დემოკრატიის ხარისხისთვის", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz