გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება | Allnews.Ge

გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება

გერმანიის სამთავრობო წრეებში იზრდება უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა Die Welt-ი წერს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მეზიერმა, პარლამენტში გამართულ დახურულ სხდომაზე განაცხადა, რომ გერმანიაში აქტიურობენ ქართული კრიმინალური ჯგუფები, რომლებიც ძირითადად, ბინების ძარცვით არიან დაკავებული.

საპასუხოდ ბუნდესტაგის ერთ-ერთმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ პრობლემის საჯაროდ განხილვა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას საფრთხის ქვეშ დააყენებს. Die Welt-ის თანახმად, სწორედ ამიტომ გერმანია და საფრანგეთი მუშაობენ ე.წ. შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს.

გამოცემის თანახმად, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები არ დათანხმდებიან საქართველოსთვის, უკრაინისთვის, კოსოვოსა და თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, სანამ ე.წ. შეჩერების მექანიზმი ძალაში არ შევა. გარდა ამისა, გერმანიას სურს, რომ თითოეული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმი ეტაპობრივად დაწესდეს.

Die Welt-ის თანახმად, გერმანიის ფინანსთა ყოფილი მინისტრი პერ შტაინბრიუკი, რომელიც ბუნდესტაგში საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების კატეგორიული წინააღმდეგია.

"სანამ ევროზონაში პრობლემებს არ მოვაგვარებთ, მიგრაციული კრიზისიდან გამოსავალს არ ვიპოვით და რუსეთთან დროებით შეთანხმებას არ მივაღწევთ, მომხრე ვარ, რომ დაწესდეს მორატორიუმი ევროზონაში გაწევრიანებზე, ევროკავშირის გაფართოებაზე და ნატო-ში ახალი ქვეყნების მიღებაზე", - აცხადებს დეპუტატი.

myquiz