რას საქმიანობდა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე | Allnews.Ge

რას საქმიანობდა ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა.

ახალი მინისტრი დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ უკვე დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა, სანიკიძის ჯეჯელავათი ჩანაცვლების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"მინდა წარმოგიდგინოთ სანდრო ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. ის იყო კომაროვის სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებული.

ამის შემდეგ მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ ESM-ის ბიზნეს სკოლა, რომელიც დღეს "თავისუფალი უნივერსიტეტის" სახელით არის ცნობილი, მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების, ისე ინოვაციების სფეროში და რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში - კონკრეტულად იმ მიმართულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი ოთხპუნქტიანი გეგმის მიმართულებებს.

მხედველობაში მაქვს პროფესიული განათლების და კადრების გადამზადების სფერო და ა.შ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმითვე, თამარ სანიკიძე რჩება გუნდში: "უახლოეს პერიოდში გვექნება საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".

Allnews.ge დაინტერესდა, თუ რას საქმინობდა, ამ დრომდე, განათლების ახალი მინისტრი.

43 წლის ალექსანდრე ჯეჯელავა "მართვის აკადემიის" თავმჯდომარე და ლიდერ-ტრენერია. არის მათემატიკურ მეცნიერებეთა მაგისტრი, სერტიფიცირებული საერთაშორისო ქოუჩი და პროექტების მენეჯერი. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

ჯეჯელავა თავის ბიოგრაფიაზე The Tbilisi Times-თან ერთი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში შემდეგნაირად ყვება:

"დავიბადე 1973 წელს. ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, შემდეგ - კომაროვში, რომელიც 1990 წელს წარჩინების ოქროს მედლით დავამთავრე. იმავე წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთვარე 1995 წელს.

1991 წელს მუშაობა დავიწყე კომპიუტერულ კომპანია "კომპი-ში", 1993 წელს გადავედი საქართველოს ეროვნულ ბანკში, სადაც 2000 წლამდე ვიმუშავე საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. ეროვნული ბანკის შემდეგ "ინტელექტ ბანკში" ვიმუშავე ორი წელი ჯერ IT-ს უფროსად, შემდეგ გენერალური დირექტორის მოადგილედ.

ამ ბანკში პირველად ჩამბარდა მარკეტინგი, PR და კიდევ რამდენიმე სტრატეგიული პროექტი. 2002 წელს შევუერთდი კომპიუტერული კომპანია UGT-ს გუნდს ტექნიკური დირექტორის როლში და შემდგომ წლებში რამდენიმეჯერ შევიცვალე საქმიანობის მიმართულება.

2007 წელს გადავწყვიტე, რომ თავისუფალი (freelance) პროექტის მენეჯერობისკენ წავსულიყავი და ერთი დამსაქმებლისთვის აღარ მემუშავა.

მქონდა რამოდენიმე პროექტი ყირგიზეთში, სომხეთში, საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პროექტი "თიბისი" ბანკში იყო.

2008 წელს შემომთავაზეს "თიბისი" ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა ჯერ  IT მიმართულებით, ხოლო 2010 წლიდან, დამატებით, HR მიმართულებით.

2010 წლის ბოლოს მე და ჩემმა პარტნიორებმა დავაფუძნეთ "მართვის აკადემია," რომელიც დღემდე ჩემი ძირითადი სამსახურია".

myquiz