პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო | Allnews.Ge

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, კანონპროექტები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დღეს გადაეგზავნება.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო. ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ.

ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებ-გვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენების წინადადებით პრეზიდენტს ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორის ნაწილმა მიმართეს.

"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შესულ გარკვეულ ცვლილებას არ იწონებს ვენეციის კომისიაც.

myquiz