ირმა ინაშვილი - არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის წერილით "ნაცმოძრაობის" მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარება მოხდა | Allnews.Ge

ირმა ინაშვილი - არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილის წერილით "ნაცმოძრაობის" მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარება მოხდა

არანაიარად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილით "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოპოზიციურ ძალად აღიარება მოხდა, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, ყოველდღე ამ წერილზე ნამდვილად არ ფიქრობდა, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რა იქნებოდა მასში.

"სიმპტომატური იყო ის, რომ გაჟღერდა ასეთი ვერსია, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა ამ წერილით გააცოცხლა "ნაციონალური მოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად, მოხდა აღიარება "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოპოზიციურ ძალად, არ იყო წერილში ნახსენები არც ერთი პარტია და რადგან იყო ნახსენები "ნაცმოძრაობა", არჩევნებში მხოლოდ ეს ორი ძალა იქნება ერთმანეთის მოპაექრე.

ეს არის აბსურდული და კომიკური ვერსია.

არანაიარად არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ წერილით ივანიშვილის მხრიდან აღიარება მოხდა "ნაცმოძრაობის" მთავარ ოპოზიცურ ძალად", - განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ივანიშვილის წერილში ნახსენები იყო 2 მიზეზით: პირველი არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში 10 წლის განმავლობაში. წერილში ივანიშვილი პარალელს ავლებდა წინა წლებთან და ადარებდა დღევანდელ ხელისუფულებას. მეორე მხრივ კი, ინაშვილის თქმით, წერილი გათვლილი იყო დასავლეთზე.

"ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ წერილს ამ წუთებში არაერთი კონგრესმენი, სენატორი კითხულობს, კითხულობენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და სტრასბურგში, სადაც განსხვავებით "ქართული ოცნებისგან", ძალიან ელასტიურად და ოსტატურად მუშაობს "ნაციონალური მოძრაობა" პიარის თვალსაზრისით, რომელსაც მუდმივად შეცდომაში შეჰყავს დასავლეთი", - განაცხადა ინაშვილმა.

myquiz