ვახტანგ გომელაური - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის | Allnews.Ge

ვახტანგ გომელაური - ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის

სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია.

როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს ინფორმაცია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლებმა არც უარყვეს და არც დაადასტურეს.

"თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი დააკავეს. ჩვენც მივიღეთ ინფორმაცია ამის შესახებ, თუმცა ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე ეს პირი დაკავებული არ არის.

ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია და ეს გალის შეხვედრაზეც დაგვიდასტურეს. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რაშიდ კანჯიოღლი დაკავებული არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ვახტანგ გომელაურმა.

იგი არ გამორიცხავს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებული იყო და შემდეგ გაათავისუფლეს.

"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის დაკითხეს. შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და ისე გაათავისუფლეს", - განაცხადა გომელაურმა.

სუს-ის უფროსი არასწორს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები იმყოფებოდნენ და შემთხვევის ადგილი დატოვეს.

"იქ არც ჩვენი და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ის არის ე.წ.ბუფერული ზონა. 30 მეტრია ე.წ. აფხაზურ ბლოკსაგუშაგოდან. საერთაშორისო დამკვირვებლები არ გვაძლევენ რეკომენდაციას იქ მოძრაობის თაობაზე, რათა საფრთხეები და რაიმე შემთხვევები თავიდან იქნას აცილებული", - განაცხადა გომელაურმა.

19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია.

შემთხვევის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

myquiz