საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ - რას მიღწია ქვეყანამ | Allnews.Ge

საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის შემდეგ - რას მიღწია ქვეყანამ

საქართველომ საბჭოთა კავშირისგან თავის დაღწევა გასული საუკუნის 90-იან წლებში  შეძლო და 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მას შემდეგ, უკვე 25 წელიწადია ქვეყანაში 26 მაისი ეროვნული დღესასწაულია. ამ 25 წლის განმავლობაში ქვეყანამ რთული გზა გაიარა. ვიდრე ქვეყნის დამოუკიდებლობის 25-წლიან ისტორიას შევაფასებდეთ, გავიხსნეოთ ამ პერიოდის მნიშვნელოვანი მომენტები.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, რამდენიმე დღეში, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიღებული კანონის საფუძველზე შემოიღო საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩია უზენაესი საბჭოს მაშინდელი თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდია. პირველი საპრეზიდენტო არჩევნები 1991 წლის 26 მაისს გაიმართა, რომელშიც სწორედ ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.

რაც შეეხება პარლამენტს, 1995 წელს მიღებულმა საქართველოს კონსტიტუციამ განსაზღვრა პარლამენტის ადგილი ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობაში.

ამის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 1995 და 1999 წლებში ჩატარდა.

დამოუკიდებლობის აღდგენას, ქვეყანაში რთული პერიოდი მოჰყვა.

1991-1992 საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება მოაწყვეს, რომლის აქტიური მონაწილე სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონი" იყო, რომელიც 1989 წელს ჯაბა იოსელიანის მიერ შეიქმნა.

"მხედრიონი" მონაწილეობდა აფხაზეთის ომშიც, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა.

ზვიად გამსახურდიას შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობა ედუარდ შევარდნაძემ დაიკავა. ორჯერ არჩეული პრეზიდენტის მოღვაწეობა "ვარდების რევოლუციით" დასრულდა. დიდი პოლიტიკოსი, ქვეყნისთვის წარმატებული პოლიტიკის გამტარებელი, ასე აფასებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი შევარდნაძეს, თუმცა ბევრისთვის 90-იანი წლების მოგონებები უშუქობას, უგაზობას, პურისა და საწვავის რიგს და სხვა ბევრ პრობლემას მოიცავს.

თუმცა, სწორედ შევარდნაძის დროს, 1995 წელს შემოიღეს პირველი ეროვნული ვალუტა - ქართული ლარი (სიტყვა "ლარი", რომელიც შეირჩა ქართული ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას).

ედუარდ შევარდნაძის გადადგომა "ვარდების რევოლუციამ" განაპირობა, რომელმაც ქვეყნის მმართველობაში ახალი პოლიტიკური ძალა მოიყვანა, დაიწყო აღმავლობის ხანა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა, თუმცა დაშვებულმა შეცდომების გამო მოსახლეობამ მის მმართველობას უარი 2012 წელს უთხრა.

სწორედ მისი მთავრობის დროს გადაიტანა საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი ეპიზოდი - 2008 წლის აგვისტოს ომი.

დასრულებული სააკაშვილის მმართველობა "ქართული ოცნებით" გაგრძელდა. ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი კი გიორგი მარგველაშვილი გახდა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი გახდა. 1992 წელს საქართველო შეუერთდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაეროს). 1996 წელს კი საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი გახდა. 1993 წლიდან ქვეყანამ, როგორც სახელმწიფომ, აქტიური თანამშრომლობა დაიწყო ისეთ ავტორიტეტულ ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. საქართველო გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრიც.

ამასთან, საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, ხოლო სულ რამდენიმე თვეში საქართველო ვიზალიბერალიზაციის მიღებას ელოდება.

ამგვარად, ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის მანძილზე არაერთი პროგრესი და ჩავარდნაც ჰქონდა. ამ პერიოდის მიღწევები ექსპერტს, მამუკა არეშიძეს შევაფასებინეთ.

-ამ 25 წლის განმავლობაში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ. ეს არის ის, რომ საქართველო მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მყარად დამკვიდრდა, ქვეყანას გარკვეული სატრანზიტო ფუნქცია აქვს მინიჭებული, ბოლოს და ბოლოს, ბევრი სხვა დიდი ერისგან განსხვავებით, არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა, თუმცა არის ბევრი მინუსებიც. მაგალითად, ჩვენი განვითარებისთვის სერიოზული შემაფერხებელია კონფლიქტების არსებობა იმიტომ, რომ ჩვენ იძულებული ვართ კონფლიქტის მოგვარების რეჟიმში ვიცხოვროთ, და დიდწილად ეს არის ხელოვნურად შექმნილი სიტუაცია. ჩვენ დამოკიდებული ვართ რეგიონში არსებული მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეების ნებაზე. როცა სახელმწიფოს განვითარება დამოკიდებულია სხვის ნებაზე, ეს თავისთავად სერიოზულ დისკომფორტს ქმნის.

-თუ შეეძლო საქართველოს ამ პერიოდში უფრო მეტის მიღწევა, რამდენად სწრაფად ვვითარდებით?

-განვითარების თვალსაზრისით, რასაკვირველია ნელა ვვითარდებით, თუმცა ვვითარდებით, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობა გვხდება. უმთავრესი კი საქართველოში პოლიტიკური კულტურის სერიოზული დეფიციტია, კორუფციული იდეოლოგიის არსებობა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში კორუფცია მძვინვარებს, ეს ნიშნავს, რომ ჩინოვნიკების უმრავლესობა თავის თავს ქვეყნის მსახურად კი არ მიიჩნევს, პირიქით, ფიქრობს, რომ დანარჩენი ქვეყანა მის სამსახურში უნდა იყოს. ეს არის ფსიქოლოგია, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის, ამის აღმოფხვრას თაობები დასჭირდება.

-რა მოლოდინები არსებობს ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით?

-ქვეყანას გარკვეული ეკონომიკური, გეოპოლიტიკური პერსპექტივები აქვს. მაგალითად, ახალი გაზსადენის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ ქვეყნის ხელმძღვანელობაში ახალი თაობა მოდის, რომელსაც ნაკლებად აქვს საბჭოთა მემკვიდრეობა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული პოლიტიკური გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში არ დაგროვებულა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz