რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს | Allnews.Ge

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

"ჩვენ უნდა შევცვალოთ ხალხი პოლიტიკაში, ჩვენ უნდა შევცვალოთ თავად პოლიტიკა და გვექნება შანსი შევცვალოთ ქვეყანა. ეპოქა დასრულდა! ჩვენ, უბრალოდ, უნდა გავაცნობიეროთ ეს! აღარ არის პოლიტიკაში არც უმეცრების, არც უსინდისოების ადგილი, ისინი მაინც იქნებიან, მაგრამ შევეცადოთ, რომ ისინი იყვნენ უმცირესობაში. რას გპირდებით? ბრძოლას! ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკურ მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", - წერია პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მან საზოგადოებას პოლიტიკაში ოფიციალურად მოსვლა აცნობა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე მეტად სწორედ "საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღვანელის, პაატა ბურჭულაძის მიმართაა კეთილგანწყობილი. კერძოდ, ბურჭულაძის მიმართ გამოკითხულთა 75 %-იანი კეთილგანწყობილია.

რა შანსები ექნება მსოფლიო ბანს პოლიტიკაში, გაუწევს თუ არა კონკურენციას სხვა მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს და როგორ გამოიყურება მისი პოლიტიკური გუნდი, ALLNEWS.GE პოლიტოლოგსა და ანალიტიკოსს ესაუბრა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, დღეს არსებული სიტუაცია, როცა ამომრჩეველი დაშორებულია პოლიტიკურ ელიტას და ახალ არჩევანს ეძებს, პაატა ბურჭულაძეს "კარგ სასტარტო პირობებს აძლევს".

"ამ შანსს უნდა გამოყენება, თუმცა ამისთვის მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ პაატა ბურჭულაძე საქმიანობას სუფთა ფურცლიდან იწყებს, ნეგატივი ნაკლებია და ამომრჩეველს მის მიმართ აქვს კეთილგანწყობა. პოლიტიკოსი მარტო მომწონს-არ მომწონს კითხვაზე არ უნდა პასუხობდეს, ის უნდა პასუხობდეს კითხვაზე - შეუძლია, არ შეუძლია და აქვს თუ არა უნარი, რომ დაპირდეს ამომრჩეველს, მერე ეს დაპირებები შეასრულოს და ქვეყანა მართოს. ბურჭულაძისთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ იქნება მარტივი, ეს დამოკიდებულია იმაზე, მოახერხებს თუ არა იმ ამომრჩევლის მობილიზებას, რომელიც ფიქრობს, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია".

"ერთადერთი, რასაც უახლოეს ისტორიაში მივაღწიეთ ის არის, რომ ამომრჩეველი უფრო "პრეტენზიული" გახდა და ცდილობს უფრო კარგად დააკვირდეს პოლიტიკურ ფიგურას იმიტომ, რომ სულ იმ ციკლში ტრიალი, სადაც დიდ იმედებს დიდი იმედგაცრუება მოსდევს, აღარ უნდა. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი, ამას სჭირდება მეტი დამაჯერებლობა და მეტი არგუმენტები, დანარჩენი უკვე პაატა ბურჭულაძეზე და მის გუნდზეა დამოკიდებული, თუ ვინ აღმოჩნდება მის გვერდით", - ამბობს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, როგორ აფასებს პოლიტოლოგი პაატა ბურჭულაძის გუნდს, ხუხაშვილი ამბობს, რომ გუნდი ნორმალურად გამოიყურება და ეს ადამიანები, ბურჭულაძეს "საინტერესო ბექგრაუნდს უქმნიან".

"მის გუნდში არიან საკვანძო ფიგურები, იგივე დავით ჯანდიერი, რომელიც გირგვლიანის ადვოკატია. საინტერესო პიროვნებაა გიორგი რუხაძე, იგივე ხათუნა ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი, რომელიც არის წესიერების სიმბოლო ჟურნალისტიკაში. თუმცა, ბურჭულაძის გუნდი ცოტა მძიმეწონიანი პოლიტიკური ელემენტებით უნდა გამდიდრდეს იმისათვის, რომ შეუძლია-არ შეუძლია კითხვაზე გაეცეს პასუხი, რადგან ეს გუნდი საქართველოში პროფესიონალ პოლიტიკოსთა ან მენეჯერთა გუნდად არ აღიქმება", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის, არჩილ გამზარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი ბურჭულაძის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებით გაკვირვებული იყო, რადგანაც ეს უკანასკნელი ქვეყანაში პოზიტიურად ცნობილი ადამიანია, "საწყისი ეტაპი ეფექტური ჰქონდა".

"პაატა ბურჭულაძეს, როგორც ცალკე აღებულ აქტიორს, ძალიან უჭირს შექმნას ის უნიკალური ტრანსფორმა, რომელიც მას და მის პარტიას, როგორც განსხვავებულ ძალას წარმოადგენს. ბუნებრივია, ადამიანს, რომელიც ახალ ძალას ქმნის, უნდა ჰქონდეს ახალი პოლიტიკური პლატფორმა და შესაბამისად, უნდა შესულიყო არა უკვე დატაცებული ელექტორატის კონკურენციაში, არამედ დარჩენილი ძალიან დიდი ნაწილის, რომელიც საერთო ჯამში კრიტიკულია ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალის მიმართ", - ამბობს გამზარდია.

ანალიტიკოსის თქმით, პაატა ბურჭულაძემ ეს პოლიტიკური პლატფორმა ვერ შექმნა და ის იმეორებს იგივე შინაარსის შეფასებებს, "რომელსაც წარმოადგენს "თავისუფალი დემოკრატები" და "ნაციონალური მოძრაობა".

"ბურჭულაძის გუნდი უნდა ჩაჯდეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ხმების წილში, რადგან მისი გზავნილები ისეთი კატეგორიის ადამიანებისკენაა მიმართული, რომელიც საერთო ჯამში, ალასანიას და სააკაშვილს უჭერს მხარს. ამის გათვალისწინებით ვფიქრობ, რომ პაატა ბურჭულაძე დღითიდღე კარგავს შანსებს, მოიზიდოს აქტიური და მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, რომელიც მას და მის პოლიტიკურ გუნდს წარმატებას მოუტანს.

"ზოგადად შემფასებლობა ახასიათებს ანალიტიკოსს, პოლიტიკური ლიდერი კი უნდა ავრცელებდეს კონკრეტულ გეგმებს, რომლითაც ის უზრუნველყოფს უკეთესი შედეგის მიღებას, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი და მათ შორის პაატა ბურჭულაძეც, ანალიტიკოსებს დაემსგავსნენ იმ მხრივ, რომ მხოლოდ აფასებენ, მაგრამ არაფერს სთავაზობენ", - ამბობს არჩილ გამზარდია.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz