თინა ხიდაშელი - არ ველოდები, რომ ივლისში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება | Allnews.Ge

თინა ხიდაშელი - არ ველოდები, რომ ივლისში საქართველო ნატო-ს წევრი გახდება

როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა, რადგან დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

"მე არ ველოდები ივლისში, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ამის არც მოლოდინის გაჩენას ვგეგმავ. რაც შეეხება MAP-ს, გასული წლის დეკემბერში მინისტერიალის შემდეგ MAP-ზე საუბარი დამთავრდა. საქართველოში უჭირთ ხოლმე, ხანდახან სპეციალურად იჭირვებენ ხოლმე ადეკვატურად ამბების გაგებას.

დეკემბერში, მინისტერიალის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი.

საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ სჭირდება და ეს აღარაა რიტორიკული სიტყვები, ეს დეკემბრის დეკლარაციის მონაპოვარია, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. როდესაც საქართველოსთან დაკავშირებით შედგება 28 ქვეყნის კონსენსუსი, ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება MAP-იც და საქართველო გახდება ნატო-ს წევრი", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

myquiz