გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ძალიან ბევრ ნეგატიურ ინსტრუმენტზე, რის გამოც 2012 წელს რეჟიმის გასტუმრება მოხდა, უარს არ ამბობს | Allnews.Ge

გია ხუხაშვილი - ხელისუფლება ძალიან ბევრ ნეგატიურ ინსტრუმენტზე, რის გამოც 2012 წელს რეჟიმის გასტუმრება მოხდა, უარს არ ამბობს

ვფიქრობ, "ქართულ ოცნებაში" სრული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და პოლიტიკური კრიზისია და რამე თუ არ შეიცვალა, სახელმწიფოსთვის ამის შედეგები სავალალო იქნება - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა 22 მაისს, სამეგრელოში მომხდარი დაპირისპირება და ამ კონტექსტში 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ბევრ "ნეგატიურ ინსტრუმენტზე" უარის თქმა ვერ მოახერხა, რაც მოსახლეობაში ლეგიტიმურ კითხვას აჩენს, თუ რის გამო შეცვალა 2012 წელს ხელისუფლება.

"დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ძალიან ბევრ ნეგატიურ ინსტრუმენტზე, რის გამოც მოხდა 2012 წელს რეჟიმის გასტუმრება, არ ამბობს უარს.

ამის შედეგია მურუსიძე სასამართლოში, ხშირ შემთხვევაში რეინკარნირებული და ნიღაბშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები "ქართულ ოცნებაში" და "ზონდერების ინსტიტუტი".

შესაბამისად, ამომრჩეველს უჩნდება შეკითხვა, რომ რატომ შევცვალეთ ხელისუფლება, რით ჯობია მოქმედი წინას, თუ ის ცდილობს, რომ სისტემა მოირგოს. ჩვენ მიხეილ სააკაშვილის სახელსა და გვართან არ გვქონდა პრობლემა, ჩვენ გვქონდა პრობლემა იმ სისტემასთან, რომელსაც ის ქვეყანაში ამკვიდრებდა," - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემის ნაციონალური მასშტაბით განმეორების შემთხვევაში, ხელისუფლება კრიზისში აღმოჩნდება. გია ხუხაშვილი სამათალდამცავი ორგანოების უმოქმედობასა და "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც აკრიტიკებს.

"პრაქტიკული შედეგები იქნება ძალიან მძიმე. იმიტომ, რომ თუნდაც ძალიან მცირე, ასე ვთქვათ, მინი კრიზისის მენეჯმენტი ვერ მოახდინა ხელისუფლებამ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ წარმოვიდგენთ დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაძლოა, საერთოდ უმართავ პროცესში გარდაიქმნას კრიზისი.

ხელისუფლებამ დღესაც არ იცის, რა ქნას. თუ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, მაშინ შეიძლება შიდაპარტიული პრობლემები შეიქმნას, მეორე მხრივ, რეაგირების გარეშე დატოვებით, შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ.

დილემის წინაშე დგას ხელისუფლება. ფაქტია, რომ შსს დუმს, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ინციდენტში მონაწილე ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

ამასთან ერთად, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადებები კეთდება "ქართული ოცნების" ელიტის მხრიდან, თითქოს "ნაცებმა" თავად სცემეს საკუთარი თავი. მე ვფიქრობ, რომ სრული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და პოლიტიკური კრიზისია "ქართულ ოცნებაში".

სახელმწიფოსთვის ამის შედეგები სავალალო იქნება, რამე თუ არ შეიცვალა," -განაცხადა გია ხუხაშვილმა.

myquiz