რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში | Allnews.Ge

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში

საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ხშირად საქმიანობას პოლიტიკაში აგრძელებენ.

მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები, მწერლები და ხელოვნების სხვა სფეროების წარმომადგენლები პარლამენტში მუდამ იკავებდნენ სკამებს, თუმცა რამდენად იყო მათი საქმიანობა პოლიტიკურად სასარგებლო ქვეყნისთვის, ამას თავად ხალხი შეაფასებს.

ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც პოლიტიკაში ფეხი შედგა მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეა. მის პოლიტიკურ საქმიანობასაც ხალხი, ოდნავ მოგვიანებით, შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებზე შეაფასებს.

რატომ მიდიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პოლიტიკაში, როგორია საქართველოში პოლიტიკური პროცესები და რამდენად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამ საკითხებთან დაკავშირებით ALLNEWS.GE ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტს, გრიგოლ გეგელიას ესაუბრა.

-რატომ მიდიან პოლიტიკაში აპოლიტიკური, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები?

-ამის ერთ-ერთი მიზეზი რესურსის ნაკლებობაა, რომელიც რამდენიმე ფაქტორს გულისხმობს, პირველ რიგში, ფინანსურ კუთხეს. მოგეხსენებათ, პოლიტიკას სჭირდება საკმარისი რაოდენობის კაპიტალი, რაც სამწუხაროდ არ არის ქართულ პოლიტიკაში.

ხშირად სერიოზული თანხები რამდენიმე ადამიანის ხელშია და შესაბამისად, ისინი განსაზღვრავენ პოლიტიკას. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის ცნობილ პირებს მეტი ფინანსური, სოციალური და კულტურული კაპიტალი აქვთ, ჰყავთ ბევრი ნაცნობი, და პოლიტიკაში მოსვლა არ უჭირთ.

რესურსის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ანტიპოლიტიკურობა.

დღეს საქართველოში რეალურად პოლიტიკური პროცესი არ არის, რაც ალბათ პარადოქსულად ჟღერს.

თითქოს ყველა პოლიტიკაზე საუბრობს, მედიაც, მოსახლეობაც, ადამიანი კარგი გაგებით იფიქრებს, რომ ჩვენთან კარგი და აქტიური პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ეს არის მითი.

-და თქვენი აზრით როგორი უნდა იყოს კარგი პოლიტიკური პროცესი ქევყანაში?

-პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის შინაარსზე.

პოლიტიკა ვერ იქნება სადღეგრძელოს ფორმატში ლაპარაკი, რაც დღეს არის საქართველოში. ჩვენს პოლიტიკურ ელიტას რომ დავუკვირდეთ, ნათლად დავინახავთ, რომ მათი უმრავლესობა საუბრობს ზუსტად ერთნაირი ენით, ერთნაირ საკითხებზე, ერთმანეთს ლანძღავენ.

შიდაელიტური დაპირისპირებები და ერთმანეთთან ძიძგილაობა პოლიტიკა არ არის.

ბუნებრივია მედიის ყურადღებაც ამაზე გადადის, რადგან ვინც პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნის, ზოგადად ის ქმნის დღის წესრიგსაც და რეალური პოლიტიკა რჩება უკანა ფლანგზე.

ქართველი პოლიტიკოსები არასდროს საუბრობენ რეალური ადამიანების რეალურ პრობლემებზე თუ რა შეიძლება გაკეთდეს, ვის რა უჭირს, როგორ ჩაერთოს უფრო მეტი მოქალაქე ქვეყნის თანამმართველობაში და ა.შ.

-რამდენად აუცილებელია მოქალაქის ჩართვა პოლიტიკურ ცხოვრებაში, ზოგიერთ ქვეყნაში მოქალაქემ ისიც კი არ იცის თუ ვინაა ქვეყნის პრეზიდენტი, თქვენ რას ფიქრობთ?

-ჩემი აზრით, მოაქალაქე მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის მმართველობაში.

მეორე საკითხია, თუ როგორი პოლიტიკური ფორმა უნდა შეიქმნას იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს მოქალაქეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.

ამის მოდელი არის თვითმმართველი რესპუბლიკა, შეიძლება ეს იყოს ფედერაციული, შეიძლება არა, თუმცა ფედერაციულობის გარეშეც შესაძლებელია საქართველო გახდეს რეალურად თვითმმართველი ქვეყანა, სადაც ადგილობრივი პოლიტიკური ერთეულები თავად წყვეტენ როგორ განკარგონ ფინანსები, რა როგორ იქნება და ა.შ.

-როგორი მმართველობა უნდა იყოს საქართველოში?

-მე რაღაც დოზით ფედერაციული საქართველოს მომხრე ვარ. ფედერაციული საქართველო იქნება ეფექტური თვითმმართველობის მხრივ იმიტომ, რომ რეალური თვითმმართველობა მხოლოდ ფედერაციულშია შესაძლებელი.

ასევე თუ ჩვენ გვსურს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, გარკვეული სახის ფედერაციული მოწყობა არის ერთადერთი გზა იმიტომ, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი არასდროს არ დაუბრუნდება უნიტარულ საქართველოს, სადაც მათ თბილისმა უნდა ასწავლოს ჭკუა.

ჩვენ მათ უნდა მივცეთ ფართო წარმომადგენლობა, მე მაგალითად თანახმა ვიქნებოდი საქართველოს ყოველთვის ჰყავდეს აფხაზი ვიცეპრეზიდენტი და ვიცეპრემიერი, ასევე გარანტირებული კვოტირებული ადგილები პარლამენტში და აფხაზეთის შემთხვევაში საკუთარი პარლამენტი, რომელიც იქნება დაქვემდებარებული პარლამენტი და იქნება საქართველოს შემადგენლობაში.

ძალიან ხშირად, როდესაც ვსაუბრობთ ამ ტერიტორიების "დაბრუნებაზე", არ ვლაპარაკობთ ნამდვილ ინტეგრაციაზე.

ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩვენ ვლაპარაკობთ მიწის დაბრუნებაზე, მაგრამ იმ მიწაზე ცხოვრობს ხალხი, ვისიც ის მიწა ბუნებრივია ისევე არის, როგორც არის საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც იქ უნდა ცხოვრობდნენ ლეგალურად და რომლებიც რუსეთის სეპარატისტულმა პოლიტიკამ გამოდევნა.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ წინაშე არსებული ამოცანა მიწის დაბრუნება კი არაა, არამედ სახელმწიფოს ორგანული ნაწილის დაბრუნებაა, თავისი ადამიანებით, თავიანთი კულტურით და ა.შ.

ვიცი, არაერთი მკითხველი პირდაპირ იფიქრებს, რომ ფედერაცია საშიშია, რომ თურმე საქართველო დაიშლება მარტივ მამრავლებად. ამიტომ, აქვე ვიტყვი, რომ ეს არის მითი.

ფედერაცია საერთოდაც არ არის საშიში, პოსტკონფლიქტური სიტუაციის უამრავი მაგალითი გვაქვს, რომელიც ფედერაციული გახდა კონფლიქტის შემდეგ. მეტიც, ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ პირიქით, პოსტკონფლიქტურ ვითარებაში ანუ ისეთში, როგორშიც ჩვენ ვართ, ფედერაციული გამოსავალი, არის ყველაზე ეფექტური.

ზუსტად ორი დღის წინ გავეცანი ინფორმციას, რომელიც კვიპროსის კონფლიქტის შესაძლო გადაჭრას ეხებოდა. ბერძნული კვიპროსის და ე.წ. თურქული კვიპროსის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს და თქვეს, რომ კონფლიქტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს, გადაიჭრება 2016 წელს და ამ გადაჭრის გზად ფედერაციულ გამოსავალს განიხილავდნენ.

-სულ მალე საარჩევნო პერიოდი ოფიციალურად დაიწყება, როგორ უნდა წარმართოს პოლიტიკურმა პარტიამ ეს პროცესი?

-რეალურად საქართველოში დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესი არ გვაქვს, ის, რასაც აქ წინასაარჩევნო პროცესი ეწოდება, მხოლოდ ნამდვილის იმიტაციაა.

ჩემი აზრით, რაც უფრო ადრე დაიწყება საარჩევნო პროცესი და რაც უფრო მეტი დრო იქნება საარჩევნო კამპანიების ჩატარებისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრისთვის, დემოკრატიულობის ხარისხიც უფრო მაღალი იქნება.

საქართველოში საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების პრობლემა იდეების ნაკლებობაა.

იმისათვის, რომ დაელაპარაკო მოქალაქეს, კონკრეტული იდეა უნდა გქონდეს, კონკრეტულ ვადებში უნდა გქონდეს გათვლილი სამოქმედო გეგმა, რის გაკეთებას აპირებ, როდის გააკეთებ და რატომ არის ამის გაკეთება კარგი.

ამას გარდა ჩაძიების პრინციპის არ არსებობაა, საზოგადოება არ ეძიება პოლიტიკოსებს, უფრო კონკრეტულად არ ეკითხება, მხოლოდ უსმენს და არ ინტერესდება უფრო მწვავედ. შესაბამისად, მოსახლეობა ხშირად ტყუვდება.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz