რას გამოიწვევს სომხეთის მიერ ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" აღიარება რეგიონში | Allnews.Ge

რას გამოიწვევს სომხეთის მიერ ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" აღიარება რეგიონში

სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის" აღიარებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, უახლოეს მომავალში კანონპროექტზე სომხეთის პარლამენტში იმსჯელებენ.

დაამტკიცებს თუ არა სომხეთის პარლამენტი კანონპროექტს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სომხეთმა აღიარა მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობა", რა შედეგებს მოუტანს ეს ორი ქვეყნის ურთiერთობას და ზოგადად, როგორ ვითარებას შექმნის რეგიონში, ALLNEWS.GE ამის შესახებ კავკასიოლოგსა და კონფლიქტოლოგებს ესაუბრა.

კავკასიოლოგის, მამუკა არეშიძის თქმით, რეგიონში დღეს ვითარება ისედაც რთულია, სომხეთის ამ ნაბიჯის შემდეგ კი უფრო გამწვავდება.

"როდესაც სომხეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმ წუთიდან ჩაირთო "საათი", რომელმაც გვაუწყა გეოპოლიტიკური ვაჭრობის დასაწყისი. როგორც ჩანს, ერევანი აპირებს ფაქტის წინაშე დააყენოს მოსკოვი. აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვიდან მუდმივად ისმოდა ასეთი რამ, რომ ყარაბაღს ვერ ვაღიარებთ, რადგან თავად სომხეთს არ უღიარებია. მას მერე, რაც ოფიციალურმა ერევანმა ასეთი გადაწყვეტილება გააჟღერა, მოსკოვი იძულებულია მიიღოს ზომები იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სომხეთმა აღიარა ყარაბაღის დამოუკიდებლობა, მოსკოვი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, გაუთავებელი ზარებია მოსკოვიდან ერევანში და პირიქით", - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, დღეს მოსკოვს არ აწყობს ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება და აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულება, მაგრამ არც სომხეთთან უნდა კავშირების გაფუჭება: "შეიქმნა ვაჭრობის ფორმატი, რომელშიც ჩაერთვებიან სხვა გეოპოლიტიკური მოთამაშეები - თურქეთი, აშშ, ევროკავშირი და ა.შ."

"იმ შემთხვევაში, თუ სომხეთმა აღიარა მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობა", ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონში მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება. საქართველოსთან მიმართებაში სიტუაცია მაინც და მაინც არ შეიცვლება, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას ექნება კიდევ ერთი შანსი, რეგიონის მიმართ მიიქციოს მსოფლიო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება, რეგიონის პრობლემატიკა კიდევ უფრო აქტუალური გახდება.

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში

ამ ბოლო დროს, ჩვენმა დასავლურმა მოკავშირეებმა კავკასიის მიმართ ყურადღება მოადუნეს და ეს არ არის მარტო საქართველოს ხელისუფლების ბრალი, როგორც ამას ოპოზიცია ამბობს. ვინაიდან ყარაბაღის მოვლენების კონტექსტში აშშ-ის აქტიურობა პრაქტიკულად ნულის ტოლია, ყოველ შემთხვევაში ძალიან დაბალია", - ამბობს მამუკა არეშიძე.

სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემთხვევაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ვარაუდობს კონფლიქტოლოგი ლევან გერაძე. მისი თქმით, ოფიციალური ერევანის გადაწყვეტილება რეგიონში დესტაბილიზაციის კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი გახდება.

"გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ სომხეთის პარლამენტი ამ კანონპროექტს დაამტკიცებს, რადგან ეს დამოკიდებულია მაგალითად იმაზე, თუ რამდენად სჭირდება სომხეთს ან მათ უკან მდგომს კიდევ ერთი დამატებითი ამგვარი წინაღობის გაჩენა, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს გაკეთებულია მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული საერთაშორისო რეაქციები გამოიწვიოს და გაზარდოს ყურადღება კონფლიქტის ზონის მიმართ.

"არ ვიცი რა არგუმენტები ჰქონდათ სომხეთის მთავრობაში მაშინ, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ახალს და კარგს თვითონ სომხეთს არაფერს მოუტანს, მაგრამ რეგიონი შეიძლება სერიოზულად დააზარალოს", - ამბობს ლევან გერაძე.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება ბოლო ერთი თვეა კვლავ გამწვავდა. აპრილის დასაწყისში შეიარღებული დაპირისპირება რამდენიმე დღეს გაგრძელდა, შემდეგ კი მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ისინი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს დღემდე ადანაშაულებენ.

თეა ბეჟიტაშვილი

ყარაბაღში ვითარების ესკალაციამ შესაძლოა კავკასიაში ძალიან დიდი ომი გამოიწვიოს

 

myquiz