Intermarium - უსაფრთხოების ალიანსი მოსკოვის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოც უნდა შევიდეს
ბალტიისპირეთისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნები, რომლებიც მოსკოვს საფრთხედ მიიჩნევენ, უნდა გაერთიანდნენ. ამის შესახებ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის მკვლევარმა, გერმანელმა პროფესორმა ანდრეას უმლანდმა ALLNEWS.GE-ს განუცხადა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ახალი უსაფრთხოების ალიანსი, რომელსაც Intermarium დაექმევა და რომელშიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შევლენ. მათ შორის ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი და საქართველო.
"ყველა ეს ქვეყანა ამ დრომდე დაზარალებულა რუსეთის მხრიდან საინფორმაციო, სავაჭრო, კიბერ, ცივი ან ცხელი ომის შედეგად. ანტირუსული ალიანსი უნდა მოიცავდეს ევროპის ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მზად არიან გარკვეულ დონეზე მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო და სხვა სახის თანამშრომლობისთვის. ეს ბლოკი უნდა მოიცავდეს თითქმის ყველა ან უმრავლეს ქვეყანას ქალაქ ნარვადან (ესტონეთი) ქალაქ ფოთამდე შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ის, შესაძლოა, ასევე მოიცავდეს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ბულგარეთი", - ამბობს ანდრეას უმლანდი.
გერმანელი ანალიტიკოსის თქმით, ალიანსის უპირველესი მიზანი უნდა იყოს მოსკოვისთვის მკაფიო მესიჯის გაგზავნა.
კერძოდ, ალიანსი უნდა იყოს სიგნალი რუსეთისთვის, რომ თუ მოსკოვი მომავალში დაიწყებს კონფრონტაციას, მან უნდა იცოდეს რომ ამას გამოხმაურება მოჰყვება არა ერთი, არამედ მთელი ამ ქვეყნების ჯგუფისგან ერთად.