გაიყინა თუ არა დონბასის კონფლიქტი? - "უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი ალიანსი" | Allnews.Ge

გაიყინა თუ არა დონბასის კონფლიქტი? - "უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს სჭირდება უსაფრთხოების ახალი ალიანსი"

უკრაინის ლუგანსკის ოლქში პრორუს მებრძოლებთან დაპირისპირების შედეგად გუშინ ერთი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პერიოდულად სროლის ხმა მაინც ისმის.

თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა უკრაინის საკითხი მსოფლიო მედიისა და ასევე პოლიტიკის დღის წესრიგში აღარ იკავებს წამყვან ადგილს. გაიყინა თუ არა დონბასის კონფლიქტი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთში, ამის შესახებ ALLNEWS.GE ევროატლანტიკური თანამშრომლობის ინსტიტუტის მკვლევარს, გერმანელ პროფესორ ანდრეას უმლანდს ესაუბრა.

- ბოლო პერიოდში უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა საერთაშორისო დონეზე აქტუალობა დაკარგა მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება საბოლოოდ შეიძლება ითქვას არ შეწყვეტილა. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია უკრაინის კონფლიქტის მივიწყება?

- მაგალითად, ევროკავშირისთვის გაჩნდა უფრო აქტუალური საკითხები, როგორიცაა სირიის კონფლიქტი, მიგრაციის კრიზისი და თურქეთთან ურთიერთობა, - ეს საკითხები ევროპისთვის უფრო გადაუდებელი გახდა, ვინაიდან ეს პრობლემები გავლენას ახდენს მის შიდა პოლიტიკაზე. ამასთან უკრაინაში ბრძოლები შესუსტდა 2015 წლის ზაფხულის შემდეგ. ვფიქრობ, თუ დონბასში კვლავ დაიძაბება ვითარება და პრორუსული თუ რუსული ძალების ქმედებები უფრო ფართო სახეს მიიღებს, უკრაინის კონფლიქტი კვლავ დადგება მსოფლიოს დღის წესრიგში.

- უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, 2015 წლის თებერვალში რუსეთმა, უკრაინამ, საფრანგეთმა და გერმანიამ მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის მიუხედავად, დონბასში დაპირისპირება ბოლომდე აღმოფხვრილი მაინც არ არის. როგორ ფიქრობთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ დონბასში სროლა საბოლოოდ შეწყდეს?

- ჩემი აზრით, მინსკის შეთანხმება არ არის საკმარისი იმისათვის, რომ კონფლიქტი დასრულდეს. ჩვენ ნაწილობრივ ვხედავთ, რომ ცეცხლი შეწყდა, თუმცა, რჩება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი შესაძლოა, გაიყინა. როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი გაიყინა. ვფიქრობ, კონფლიქტიდან საუკეთესო გამოსავალი იქნება მშვიდობისმყოფელთა მისიის განთავსება დონბასის ტერიტორიაზე, რომელიც გარდამავალ პერიოდში შეასრულებს მისიას, ასევე დონბასის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს დემილიტარიზაციის პროცესს და უსაფრთხოებას ადგილობრივი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.

- თქვენი აზრით, რა იქნება რუსეთის მომდევნო ნაბიჯები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში?

- რუსეთის მომდევნო ქმედებების პროგნოზირება რთულია. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გათვლებს აკეთებს მოსკოვი. თუ კრემლში გადაწყვეტენ, რომ სურთ მათ წინააღდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება და იმიჯის აღდგენა საერთაშორისო არენაზე, მაშინ შესაძლოა, ისინი დათანხმდნენ დონბასში სამშვიდობო მისიის განთავსებაზე და ეს კონფლიქტი გაიყინოს. თუმცა, არსებობს შესაძლებლობა, მათ გადაწყვიტონ, რომ ისინი უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ ვითარების მორიგი ესკალაციით, რის შემდეგაც, ჩვენ შეიძლება ვნახოთ საბრძოლო მოქმედებების გააქტიურება.

- არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინამ საბოლოოდ დაკარგოს დონბასის ტერიტორია?

- დიახ, არის შესაძლებლობა, რომ მან დაკარგოს ეს ტერიტორია, ისევე როგორც ყირიმი. ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებული იქნება დასავლეთის ქმედებებზე, თუ რამდენად არის დასავლეთი მზად რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა მოსკოვმა ეს ტერიტორია დააბრუნოს.

- რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა იმისათვის, რომ რუსეთის შეჩერება მოხერხდეს?

- ამ დროისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება, სამწუხაროდ დასავლეთში არ განიხილება. ვფიქრობ, ეს იქნებოდა შესაფერისი ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს აიძულებდა  დონბასში თავშეკავებული ქმედებებისთვის მიემართა. ევროკავშირში ახლა მხოლოდ უკვე დაწესებული ზოგიერთი სანქციის მოხსნაზე მიმდინარეობს საუბარი, თუ მინსკის შეთანხმების შესრულება მოხდება. როგორც იცით, ნებისმიერი სანქციის დაწესებისთვის საჭიროა, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭიროს ინიციატივას მხარი. ამიტომაც, თუ ევროპა გადაწყვეტს ახალი სანქციების დაწესებას, ამას ზოგიერთი ქვეყანა არ დაუჭერს მხარს. ევროკავშირში არის რამდენიმე უფრო მეტად რუსეთის მხარდამჭერი ქვეყანა, როგორიცაა კვიპროსი და იტალია.

- შეიძლება დასავლეთი დავადანაშულოთ იმაში, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდა?

- ვფიქრობ, დასავლეთმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ყველაზე შესამჩნევი იყო 2014 წლის მარტში არასაკმარისი რეაქცია ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით. იყო რაღაც სანქციები, თუმცა, ეს სანქციები იყო უფრო სიმბოლური, არ იყო ფინანსური და ეკონომიკური, არაფერი რომ აღარ ვთქვათ სამხედრო დახმარებაზე. მით უმეტეს, რომ ყირიმის ანექსია შემდეგ უკვე დონბასის იზოლაციის დაწყების ერთგვარი ფონი იყო.

- ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ დასავლეთს უკრაინა თავდაცვითი იარაღით მოემარაგებინა, როგორ ფიქრობთ, გაამართლებდა ეს ნაბიჯი?

 - ძირითადად საუბარი იყო რაკეტსაწინააღმდეგო და საზენიტო სისტემების გადაცემაზე. თუმცა, კიევს თავდაცვითი სისტემების სახით ოფიციალურად დახმარება არ მიუღია. ვფიქრობ, ეს იყო დასავლეთის შეცდომა. სანქციების გარდა, დასავლეთმა უკრაინა თავდაცვითი იარაღით უნდა უზრუნველყოს, რათა უკრაინის ტერიტორია გახდეს უფრო დაცული, ასევე საჭიროა ეკონომიკური დახმარება და დახმარება რეფორმირების პროცესში. საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის მსგავსი სახის დახმარება საუკეთესო დახმარება იქნება. ვინაიდან ეს ამ ქვეყნებს უფრო მიმზიდველს გახდის. ამგვარად დონბასში, ყირიმში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში მცხოვრები მოსახლეობა დაინახავს, რომ მათი თანამემამულეები უფრო კარგად ცხოვრობენ.

- შეიძლება თუ არა დონბასის კონფლიქტი შევადაროთ ე.წ სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებს?

- დონბასისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტს შორის არის რაღაც მსგავსებები, მსგავსებაა ასევე აფხაზეთისა და ყირიმის კონფლიქტებს შორისაც. თუმცა, ვფიქრობ, რომ რუსეთისთვის უკრაინა უფრო მეტად მნიშვნელოვანია და უფრო მეტად სიმბოლური მნიშვნელობისაა. ამიტომაც რაღაც კუთხით, ამ კონფლიქტების შედარება არ შეიძლება.

- როგორ შეიძლება დაიცვან თავი საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ რუსეთისგან?

- უკრაინას, ისევე როგორც მოლდოვასა და საქართველოს, სჭირდება უსაფრთხოების ახალი ალიანსი. მე მსგავსი ალიანსის პროექტზე ვმუშაობ. ეს იქნება შავი ზღვისა და ბალტიისპირეთის რეგიონის ქვეყნების ალიანსი. იგი გააერთიანებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნებიან ერთმანეთს დაეხმარონ რუსეთის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს იქნება უფრო მდგრადი გამოსავალი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველო, მოლდოვა და უკრაინაა. ამავე დროს, ეს იქნება რუსეთისთვის სიგნალი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ქვეყნები ერთმანეთს დაეხმარებიან. იქნება ეს სამხედრო თუ ეკონომიკური დახმარება.

თამთა ჯიჯავაძე

myquiz