Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან | Allnews.Ge

Washington Post-ის ინტერვიუ 2016 წლის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ დასახელებულ დონალდ ტრამპთან

პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტებსა და სარედაქციო საბჭოს შეხვდა.

The Washington Post-თან შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა საკუთარი ხედვა აშშ-ის როლზე მსოფლიოში, ისაუბრა ჩინეთზე, რუსეთზე, უკრაინასა და ნატოზე.

ჟურნალისტებმა სთხოვეს პრეზიდენტობის კანდიდატს, დაესახელებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი, რომლებიც, მისი მოსაზრებით, საკუთარ მოვალეობებს კარგად ასრულებდნენ.

ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯ შულცი კარგად მუშაობდა. ჟურნალისტებმა შეახსენეს მას, რომ შულცი აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცებაში საზღვარგარეთ და ჰკითხეს ტრამპს, უნდა მიყვეს თუ არა აშშ ამ კურსს დღევანდელ სამყაროში.

"ვფიქრობ, ახლა მსოფლიო სხვანაირი გახდა. ვთვლი, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ დაკავებული სხვა ქვეყნების აღმშენებლობით. ჩემი მოსაზრებით, უკვე დამტკიცდა, რომ ეს არაეფექტურია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა სხვანაირი გახდა. ჩვენ 19 ტრილიონი დოლარის ვალი გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ბუშტზე ვზივართ, რომლის გასკდომის შემთხვევაშიც საშინელება მოხდება. ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა აღვადგინოთ. შეხედეთ ჩვენს ინფრასტრუქტურას - ჩამოვედი აეროპორტში, რომლის მდგომარეობაც არც თუ ისე კარგია. ყატარში თუ წახვალთ იქ დაინახავთ აეროპორტებს, როგორიც ჯერ არასდროს გინახავთ", - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპი მიიჩნევს, ჰილარი კლინტონსა და ჯონ კერის არაფერი გაუკეთებიათ: "ჩემი მოსაზრებით, ბოლო და ამჟამინდელმა სახელმწიფო მდივნებმა ცოტა რამ გააკეთეს. ვფიქრობ, ჯონ კერის შეთანხმება ირანთან - ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ეს საშინელი დათმობაა".

მისი თქმით, სანქციების მოხსნის შემდეგ ირანმა დასავლეთში გაყინული თანხები დაიბრუნა, თუმცა, აშშ-ში მაინც არაფერს ყიდულობს.

"ისინი 118 თვითმფრინავს ყიდულობენ "Airbus"-ისგან და არა "Boeing"-ისგან, ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ ჩვენს ქვეყანაში ფული არ დახარჯონ", - ამბობს ტრამპი.

კითხვაზე, უნდა მონაწილეობდეს თუ არა აშშ ფასეულობებისა და დემოკრატიის ხელშეწყობაში სხვა ქვეყნებში, ტრამპმა ჟურნალისტებს დადებითი პასუხი გასცა.

"ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფასეულობები, რომლის განმტკიცებას ხელი უნდა შევუწყოთ. ჩვენი ქვეყანა ცუდ მდგომარეობაშია. შეხედეთ ჩვენს ქალაქებს - ისინი საშინელ მდგომარეობაშია. მე ვხედავდი, როგორც ვაშენებდით სკოლებს ერაყში, შემდეგ კი მათ აფეთქებდნენ. შემდეგ სხვას ვაშენებდით და იმასაც აფეთქებდნენ. სკოლა სამჯერ ავაშენეთ და ამავდროულად, ბრუკლინში ვერ ვაშენებთ სკოლას. ჩვენ არ გვაქვს ფული განათლებისთვის, რადგან საკუთარ ქვეყანაში არ გვაქვს მშენებლობის საშუალებას", - აღნიშნა ტრამპი.

პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი ხედვა წარადგინა ნატო-ს მომავალთან დაკავშირებითაც:

"მე განვიხილავ ნატო-ს როგორც კარგ საქმეს - მე ვუყურებ უკრაინას და ვფიქრობ:

"უკრაინა ჩვენ გაცილებით ნაკლებად გვეხება, ვიდრე სხვა ქვეყნებს, მაგრამ ჩვენ ვასრულებთ რთულ სამუშაოს, სხვა ქვეყნები კი არაფერს აკეთებენ.

მე ვსვამ კითხვას: რატომ არ აგვარებს უკრაინის პრობლემას ნატო-სთან ერთად გერმანია? რატომ არ აგვარებენ ამ პრობლემას უკრაინის მეზობლები? რატომ ვართ ყოველთვის წინ, რატომ მივექანებით პოტენციურ მესამე მსოფლიო ომისკენ რუსეთთან? რატომ ვაკეთებთ ყოველთვის ამ საქმეს?

მე ვთვლი რომ ნატო-ს კარგი კონცეფცია აქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ აშშ-ს გარკვეული დახმარება ჭირდება, თუმცა, არავინ გვეხმარება. მოდით, უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ:

ჩვენ ვუხდით მილიარდებს, ასობით მილიარდ დოლარს დახმარების სახით ქვეყნებს, რომლებიც თეორიულად ჩვენზე მდიდრები არიან", - განაცხადა ტრამპმა და ასეთ ქვეყნებად გერმანია, საუდის არაბეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა დაასახელა.

The Washington Post-ის კითხვაზე, სწორედ მოიქცა თუ არა აშშ, როცა რუსეთს ყირიმის გამო სანქციები დაუწესა და გაახანგრძლივებს თუ არა ამ სანქციებს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ტრამპმა განაცხადა:

"ვფიქრობ კი, მაგრამ არ მგონია სხვებმა ამ მიმართულებით რამე მოიმოქმედონ".

"ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის საკითხის კომენტირებისას, პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ის "კოლოსალურ ზეწოლას" მოახდენდა რეგიონის ქვეყნებზე, რათა ამ დაჯგუფების წინააღმდეგ ჯარები გამოეყენებინათ. თავად ტრამპი კი ავიაციას გაგზავნიდა, რადგან მისი თქმით, აშშ-მ "ისლამური სახელმწიფოს" თავიდან უნდა მოიცილოს.

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებულ მდგომარეობაზე საუბარისას, რესპუბლიკელმა კანდიდატმა განაცხადა, რომ აშშ-ს ჩინეთზე ძალაუფლება აქვს, თუმცა ხალხს ეს გააზრებული არა აქვს.

"ჩვენ ჩინეთზე კომერციული ძალაუფლება აქვს. არ მგონია, მათი ქმედებების გამო მესამე მსოფლიო ომი დავიწყოთ - მათი ქმედებები სხვა ქვეყნებს გაცილებით უფრო ეხება, ვიდრე ჩვენ. მაგრამ ყოველთვის ვიძახი, რომ არაპროგნოზირებადები უნდა ვიყოთ, ჩვენ კი სრულიად პროგნოზირებადები ვართ. პროგნოზირებადობა კი ცუდია", - მიიჩნევს ტრამპი.

ამის შემდეგ, ჟურნალისტები კვლავ დაუბრუნდნენ ნატო-ს საკითხს და ჰკითხეს ტრამპს, კონკრეტულად რას ითხოვს იგი მოკავშირეებისგან.

"ჩვენ მდიდარი ქვეყანა აღარ ვართ. ჩვენ ფულს ვსესხულობთ. ნატო ძალიან ძვირი გვიჯდება, მართალია ევროპას ვიცავთ, მაგრამ ძალიან ბევრ ფულს ვახჯავთ. პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ხარჯები სხვაგვარად უნდა გადანაწილდეს".

"ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ აშშ თავისი სტატუსგან არაფერს იგებს? - ჰკითხეს მას საპასუხოდ ჟურნალისტებმა.

"ჩემი მოსაზრებით, ჩვენ აღარ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როგორც ადრე", - გამოთქვა მოსაზრება ტრამპმა, - ჩვენ ვიყავით ძალიან გავლენიანი, ძალიან ძლიერი სახელმწიფო. ახლა კი ჩვენი ქვეყანა ღარიბია. ეს მევალე ქვეყანაა. მინდა გკითხოთ, როგორ გადაიხდით 21 ტრილიონი დოლარის ვალს?

ჩვენ ამ თანხას სხვა ქვეყნების დასაცავად ვიყენებთ და არ ვხარჯავთ საკუთარ თავზე. ჩვენ მოძველებული ჯავშანმანქანები გვყავს. საუკეთესოები მტერს მივეცით. ჩვენ ისინი გადავეცით ჩვენს მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთში. ერთი გასროლა ჰაერში საკმარისია, რომ ისინი გაიქცნენ, მტრები კი ყველაფერს ხელში ჩაიგდებენ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

The Washington Post-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ შეხვედრის დასასრულს ტრამპმა განაცხადა:"მე რადიკალი არ ვარ".

თუმცა, როგორც ჟურნალისტები წერენ, მისი პასუხები თითქმის არ ტოვებს ეჭვს, თუ რამხელა რისკის წინაშე აღმოჩნდება ამერიკელი ერი ტრამპის თეთრ სახლში მოხვედრის შემთხვევაში.

საფრთხეები, რომლებიც მსოფლიოს 2016 წელს ემუქრება

myquiz