18.03.2016 / 09:31
შრიფტის ზომა:

"ხალხში ახალ პოლიტიკურ ძალაზეა მოთხოვნა" - ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე

საპარლამენტო არჩევნებამდე 6-7 თვეა დარჩენილი და პოლიტიკური პარტიებიც აქტიურად ემზადებიან. თუმცა, უკვე არსებულ და ბევრისთვის ცნობილ პარტიებთან ერთად საარჩევნო ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ძალებიც გამოჩნდნენ, მათგან ზოგი მმართველ გუნდს გამოეყო, ზოგი საპარლამენტო უმცირესობას, ზოგიც კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგამს. შევეცადეთ გაგვერკვია, ეს პარტიები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საშემოდგომო არჩევნებში და რა შანსები აქვთ მათ მმართველ გუნდთან შედარებით.

კოალიციიდან გამოსული "თავისუფალი დემოკრატების" წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, უკვე ერთი წელია პარტია აქტიურად ემზადება საარჩევნოდ, დადიან რეგიონებში და მოსახლეობას ხვდებიან.

არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" – "რა თქმა უნდა, "გირჩი" აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ბოლო სამი თვეა ამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციით ვართ დაკავებული", - ამბობს პარტიის წევრი გოგა ხაჩიძე.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს პარტია "ბედნიერი საქართველოც", რომლის დამფუძნებელი კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკია.

ამ ეტაპზე პოლიტიკური გეგმები არ აქვს პაატა ბურჭულაძის "საქართველოს განვითარების ფონდს". როგორც ორგანიზაციის წევრი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, "ამ წუთას არანაირი პოლიტიკური გეგმები არ განიხილება".

ახალი პოლიტიკური პარტიების შანსები საარჩევნოდ პოლიტოლოგებს შევაფასებინეთ. პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას თქმით, ჩამოთვლილ პარტიებს შორის არჩევნებში გარკვეული ხმების მოგროვების და კონკურენციის გაწევის შანსი "თავისუფალ დემოკრატებს" აქვთ.

"თეორიულად თუ ეს პარტიები გაერთიანდებიან, ალბათ რაღაც შანსი აქვთ, მაგრამ რეალურად თუ ვიმსჯელებთ, არამგონია მათ რაიმე გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდეთ. ჩერნოვეცკისა და ბურჭულაძის ორგანიზაციებს სერიოზულად არც განვიხილავდი გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ პარტიული სტრუქტურები და არჩევნებამდე იმდენად მცირე დრო დარჩა, რომ ერთადერთი ვარიანტია რომელიმე პარტიას შეუერთდნენ, თორემ რეალურად არამგონია ძლიერი პარტიის შექმნა მოახერხონ და რაც მთავარია საზოგადოება თავის მხარეზე გადმოიყვანონ.

რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებს", მათ აქვთ ამის შანსი, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "ქართულ ოცნებაში" და სად იქნებიან "რესპუბლიკელები", დარჩებიან კოალიციაში, რისი შანსიც დიდია, თუ ბოლო მომენტში დატოვებენ კოალიციას", - ამბობს კაკაჩია.

პოლიტოლოგის თქმით, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ხალხში ახალ პოლიტიკურ ძალაზეა მოთხოვნა: "მაგრამ ამ კონფიგურაციით, როგორიც ახლა არსებობს, ცოტა გაჭირდება საზოგადოების ნდობის მოპოვება, რადგან "თავისუფალი დემოკრატების" გარდა, არცერთ ახალ პარტიას ცალკე არ აქვს იმის უნარი, რომ მოსახლეობის დიდი პროცენტი მიიმხრონ".

"ასევე მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად ძლიერი რეგიონალური ორგანიზაციები აქვთ ამ პარტიებს, რაშიც სამწუხაროდ ბევრი მათგანი მოიკოჭლებს და რაც ყველაზე მთავარია, კონკრეტული გზავნილები ამომრჩევლის მიმართ, საარჩევნო პროგრამა, რომელიც ჯერ არ ჩანს", - ამბობს კორნელი კაკაჩია.

ახალი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების შეფასება უჭირს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს.

"ვერ ვიტყვით, რომ ორგანიზაცია "გირჩი" ახალი სახეების წარმომჩენია. მათ, ისევე როგორც, "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილ წევრებს, არანაირი სურვილი არ გააჩნდათ ეღიარებინათ არა მხოლოდ შეცდომები, არამედ დანაშაულებები, რასაც ადგილი ჰქონდა "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას, ამიტომ რაიმე დიდ განსხვავებას პროცენტულ მაჩვენებელში "გირჩის" და "ნაციონალური მოძრაობის", არამგონია რომ მოვესწროთ".

"ჯერჯერობით ყველაზე ოპტიმისტური შეიძლება იყოს ალასანიას პარტია, თუმცა გარკვეული ხარვეზები მას დასაძლევი აქვს. ვერ ვიტყვით, ბატონი ბურჭულაძის მიერ შესრულდება თუ არა პოლიტიკური არია, მაგრამ თუ ის ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდა ან თუ მიიყვანეს, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მაშინ სულ ცოტა ბარიერის გადალახვა მისთვის გარანტირებული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მის მიმართ პატივისცემა არაერთხელ გამოხატა. გააჩნია რა კონფიგურაციის პოლიტიკური ძალა შეიძლება შეიქმნას არსებულ ვითარებაში, თუმცა ვფიქრობ, რომ "საქართველოს განვითარების ფონდსაც" ყოველგვარი პარტიული საკმაზის გარეშე ძალუძს სერიოზული გავლენა იქონიოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეეხება საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების რაოდენობას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 1997 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, საქართველოში დარეგისტრირებულია 233 პოლიტიკური პარტია.


თეა ბეჟიტაშვილი