01.03.2016 / 10:19
შრიფტის ზომა:

აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის წამოღების შესახებ ძირითადი შეთანხმება მიღწეულია

ვიცეპრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია.

როგორც ბაქოდან დაბრუნებულმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და "სოკარის" პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, არის იმის შესაძლებლობა, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან გაზის დამატებითი მოცულობები წამოვიღოთ.

"მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალეიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა შაჰ დენიზის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა შეხვედრა "სოკარის" პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომს", კახა კალაძის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება.

"ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ, ალბათ, რამდენიმე დღეში დავასრულებთ მოლაპარეკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.