18.02.2016 / 12:28
შრიფტის ზომა:

რას მოუტანს საქართველოს სამინისტროების რაოდენობის შემცირება? - როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები

საქართველოში სულ 19 სამინისტროა. რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სამინისტროების რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამგვარად, სახელმწიფო მილიონობით ლარის დაზოგვას შეძლებს. ქადაგიძემ რამდენიმე სამინისტროც დაასახელა, რომელიც მისი აზრით, უნდა გაუქმდეს.

ესენია: ევროინტეგრაციის, სასჯელაღსრულების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები. აღნიშნულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მთავრობის წევრების უმრავლესობა ქადაგიძის პოზიციას იზიარებს.

"მიმაჩნია, რომ დღეს იმ დონეზე ვართ, როდესაც შესაძლებელია, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვიფიქროთ სხვადასხვა სტრუქტურულ ცვლილებებზე საქართველოს მთავრობაში," – აღნიშნა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა

"სამომავლოდ შესაძლებელია მოხდეს გარკვეული ოპტიმიზაცია. ამას სჭირდება კარგი ანალიზის გაკეთება. რამდენი სამინისტრო დარჩება და რომელი სამინისტრო მოხვდება ოპტიმიზაციის გეგმებში, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

"შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო", - აღნიშნა ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სამინისტროების გაუქმებაზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, შესაძლებელია ამ პროცესს მალე ველოდოთ.

რას მოგვიტანს სამინისტროების გაუქმება? ამაზე მოსაზრება Allnews.ge-ს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გაუზიარა.

გოცირიძის თქმით, უნდა გაუქმდეს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის სამინისტროები:

"ეს სამინისტროები ხელს უშლიან განვითარებას, უფრო მეტად შემაფარხებელ როლს ასრულებენ, იგონებენ საქმეებს, ქმნიან უამრავ საქვეუწყებო სამსახურებს. სამინისტროების გაუქმება იქნება სერიოზული ეკონომია ბიუჯეტში. რაოდენობრივად საკმარისია 7-8 სამინისტრო. ხოლო ის ფუნქციები, რასაც სამინისტროები აკეთებენ შეიძლება მცირე განყოფილებებს გადაუნაწილდეთ. ამასთან არამარტო სამინისტროები, არამედ ძალიან ბევრი მცირე საქვეუწყებო დაწესებულებებიც უნდა გაუქმდეს"

როგორი ვითარებაა ამ მხრივ სხვა ქვეყნებში?

მაგალითისთვის, საქართველოს სამეზობლოში ყველა ქვეყანას ძირითადად, 20-მდე სამინისტრო აქვს. აზერბაიჯანში სულ 19 სამინისტროა, ისევე როგორც საქართველოში. მათ შორის ცალკეა გადასახადების სამინისტრო. სომხეთში 18 სამინისტრო ფუნქციონირებს, რუსეთში კი 20. ამასთან აღსანიშნავია, რომ რუსეთში 2014 წელს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ ყირიმი მიიერთა, ყირიმის საქმეთა სამინისტროც შეიქმნა .

რაც შეეხება ევროპას: შვეიცარიაში 8 სამინისტროა, ავსტრიაში -13, ფინეთში - 12, გერმანიაში 15. აშშ-ში კი სულ 15 დეპარტამენტი (სამინისტრო) ფუნქციონირებს, მათ შორისაა ვეტერანთა საკითხების დეპარტამენტიც. ბრაზილიაში 20-ზე მეტი სამინისტროა, მათ შორის ქალაქების სამინისტროც.

საინტერესოა იაპონიის მაგალითიც, სადაც 30-მდე სამინისტრო ფუნქციონირებს, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო.

სამინისტროების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით  უგანდა გამოირჩევა, სადაც 70-მდე სამინისტრო ფუნქციონირებს. მათ შორის ცალკეა თევზაობის, და ცხოველთა ინდუსტრიის სამინისტროც. ირანში 21 სამინისტროა, მათგან ენერგეტიკისა და ნავთობის სამინისტროები ცალ-ცალკე ფუნქციონირებს.


საინტერესოა ასევე, საუდის არაბეთის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც. ამ ქვეყანაში 30-მდე სამინისტროა, მათ შორის ჰაჯის (მუსლიმანთა პილიგრიმობა, რომელიც ყოველ წელს იმართება) სამინისტროც. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ,  ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბედნიერების სამინისტროს შექმნის ინიციატივითაც გამოვიდა.

თამთა ჯიჯავაძე

Allnews.ge