"რუსული პროგაპაგანდა ჩვენთან მიდის ქართულ ენაზე, ქართული გაზეთებით და ქართული ტელეარხებით, რუსული არხი არავის არ სჭირდება" - თორნიკე შარაშენიძე | Allnews.Ge

"რუსული პროგაპაგანდა ჩვენთან მიდის ქართულ ენაზე, ქართული გაზეთებით და ქართული ტელეარხებით, რუსული არხი არავის არ სჭირდება" - თორნიკე შარაშენიძე

 

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის შესაჩერებლად მხოლოდ რუსულენოვანი არხის შექმნა საკმარისი არ იქნება. როგორც თორნიკე შარაშენიძის განცხადებით, რუსული პროგაპაგანდა საქართველოში ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამას უნდა მიექცეს ყურადღება.

"სისულელეა. აბსოლუტური სისულელე, იმიტომ, რომ რუსული პროგაპაგანდა ჩვენთან მიდის ქართულ ენაზე, ქართული გაზეთებით და ქართული ტელეარხებით. ასე რომ, ამ შემთხვევაში მათი რუსული არხი არავის არ სჭირდება", -განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რუსულ პროპაგანდასთან ეფექტურად დასაპირისპირებლად კანონი უნდა მიიღონ ისეთი, რომელიც პრესაში ეწინააღმდეგება ძალადობის და ცილისწამების გავრცელებას.

"ამით რუსული პროპაგანდა თავისით მოკვდება, იმიტომ, რომ კანონის მოთხოვნებს ყველა დაემორჩილება", - აღნიშნა შარაშენიძემ.

მისივე თქმით, თავის დროზე ტელეკომპანია "პიკ"-ის დახურვა შეცდომა იყო, თუმცა ამ ტელეკომპანიის მიზანი არ იყო საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

"რა თქმა უნდა, ჯობია იყოს რუსული არხი, რადგან სხვა თუ არაფერი, შეიძლება მისი მეშვეობით მუშაობა ჩვენს იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც არ იციან ქართული და უყურებენ რუსულ არხებს, მაგრამ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა საკმარისი არ არის ამით. საჭიროა მიხედონ ქართულ გამოცემებს და ტელეარხებს, რომლებიც ამით არიან დაკავებული რეალურად", -განაცხადა შარაშენიძემ.

საქართველოში რუსულენოვანი არხის გახსნაზე მთავრობის ფორმატში არაერთხელ გვილაპარაკია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა.

"იგივე ევროპაში გაჩნდა რუსულენოვანი არხები, რადიოები, გადაცემები, რომელთა მიზანია რუსული პროპაგანდისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა. რუსული პროპაგანდა ზოგადად მთელ მსოფლიოში გაიზარდა და ამას სჭირდება ადეკვატური პასუხი", - განაცხადა სუბარმა.

კითხვაზე, რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად რუსულენოვანი არხის გახსნა საქართველოშიც არის თუ არა საჭირო, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე მთავრობის შიგნით არაერთხელ უმსჯელიათ.

myquiz