ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის | Allnews.Ge

ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის, აბას თალები ფარის განცხადებით, ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში. ამის შესახებ ელჩმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ ირანისთვის გაზის თემა ეს არ არის პოლიტიკური საკითხი

და არც რომელიმე ქვეყანასთან შევდივართ კონკურენციაში. მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა იმოქმედოს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე და ლოგიკურია, რომ ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებს ეძებდეს, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო.

ირანი მზად არის საქართველოსთან ითანამშრომლოს ენერგეტიკულ სფეროში და მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორ შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის ევროპაში, რაც თქვენს ქვეყანას კიდევ დამატებით შემოსავალს მოუტანს", - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური მოსამსაზდებელი სამუშაოები და განიხილება რამდენიმე მარშრუტის ვარიანტი, თუ საიდან შეიძლება მიიღოს საქართველომ გაზი ირანისგან.

"ერთ-ერთ ვარიანტად აზერბაიჯანიც განიხილება, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს თავისი ტერიტორიის გავლით მიაწოდოს ირანული გაზი საქართველოს. სომხეთიც აგრეთვე გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გამოყენებული იქნას არსებული შესაძლებლობები. ასევე მუშაობა მიმდინარეობს ელექტროენერგიის გაცვლის თემაზეც - ირანი მიიღებს საქართველოსგან ელექტროენერგიას, როდესაც ჩვენ ამაზე მოთხოვნილება გვექნება და პირიქით, როდესაც საქართველოს დასჭირდება დამატებითი მოცულობა. ამ თემაზე კონკრეტული საუბარი შედგება თეირანში, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ირანში ვიზიტის დროს", - განაცხადა ირანის ელჩმა.

myquiz