"პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა" - რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე | Allnews.Ge

"პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა" - რას ყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე

ისრაელი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც პანდემიას დროულად და კარგად გაართვა თავი და მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაციაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ქვეყანაში დელტა-შტამის ცირკულირებამ ინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.

ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების მესამე, ბუსტერული აცრა დაიწყო, რეგულაციებიც თანდათან გაამკაცრა და ლოკდაუნისთვის ემზადება.

ჩვენი თანამემამულე ექიმი-ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ამჟამად თელ-ავივის ახლოს კერძო კლინიკა "სუტაში" მუშაობს, ისრაელში შექმნილ პანდემიურ ვითარებაზე და კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდის შესახებ "კვირის პალიტრას" უამბობს:

- ყოველდღიურად დაახლოებით რამდენი­ ინფიცირებულია ისრაელში?

- დღევანდელი მონაცემით (11.08. 2021) 5755-ია, ანუ 4,6%-მდე ავიდა, გარდაცვლილია 12 კაცი. ქვეყანა ლოკდაუნისთვის ემზა­დება. შემუშავდა და ძალაში შევიდა ე.წ. მწვანე სტანდარტი, რაც 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ 3 წლის ზემოთ ბავშვების მშობლებმა, როცა დახურულ სივრცეში შევლენ (კინოთეატრში, რესტორანში და ა.შ.), უნდა წარადგინონ ბავშვების ტესტის კოვიდუარყოფი­თი­ პასუხები. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ტესტი­ უფასოა, ზემოთ - ფასიანი.

ზრდასრულ აუცრელ მოსახლეობასაც 24 საათში სთხოვენ ტესტის პასუხს, რაც აიძულებს­ მათ­, ვინც არ არის აცრილი, აიცრას! მალე არაერთი შეზღუდვა დაწესდება. მაგალითად, ვინც სამედიცინო პერსონალში არ იქნება აცრილი, ალბათ, სამსახურს დატოვებს, ვინაიდან ყოველდღე უნდა იხადოს ფული ტესტში, ამას კი ძნელად თუ მოახერხებს ვინმე...

"მწვანე სტანდარტი" ასევე გულისხმობს დახურულ სივრცეში 50 კაცის­ ყოფნას, ღია სივრცეში - 100-ის (თუ 100 კაცზე მეტია, ღია სივრცეშიც ნიღბით უნდა იყვნენ)

რუკაზე წითლად მონიშნულებში, სამწუხაროდ, საქართველოცაა. ამ ეტაპზე ისრაელსა და საქართველოს შორის მიმოსვლა აკრძალულია, სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ იმგზავრებ. საქართველოს მოქალაქეს, ვინც ახლა ისრაელშია, თავისუფლად შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში. მაგალითად, მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს, შემიძლია საქართველოს პასპორტით ჩამოსვლა, მაგრამ როცა უკან დავბრუნდები, დიდი ჯარიმის გადახდა მომიწევს.

გაწითლებული ქვეყნიდან ისრაელში დაბრუნებული (ნებართვით), აუცილებლად ორკვირიან კარანტინში მოთავსდება, არა აქვს მნიშვნელობა, აცრილია თუ აუცრელი.

- ისრაელში EXO-CD24-მა კვლევების შემდეგ­ კარგი შედეგი აჩვენა. რა ფაზაშია კვლევა­ და არის თუ არა იმედი, რომ გაამართლებს?

- საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა - პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ, დაჩქარდება კვლევა.

- რამდენად ეფექტიანად მოქმედებს დელტა-შტამზე ვაქცინები?

- დაცვის თვალსაზრისით, "ფაიზერი" ყველას სჯობს და თუ კაცს არა აქვს მიდრეკილება ანაფილაქსიური შოკის მიმართ, თუ ალერგიული არ არის, ფაქტობრივად, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის. გააჩნია ალერგიის ფორმასაც.

პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება. ადვილად ასატანია პაციენტისთვის - მისი მიღება შესუნთქვით, ინჰალაციით ხდება.

ფაქტი ერთია - "ფაიზერსაც" და "მოდერნასაც" 2-3 თვეში შეუძლია გადაწყობა ახალ შტამზე, ამ დროში კი შესაძლებელია სრულიად ახალი ფორმის ვაქცინის შექმნა. ამიტომ კაცობრიობას სამედიცინო სფეროს იმედი უნდა ჰქონდეს. "კოვიდმა" არ იცის გარჩევა. დაუჯერეთ ჯანმოს, იმუნოლოგებს და არა ჭორსა და ცრუინფორმაციას წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრაში"

myquiz