გერმანიაში მოსახლეობის 20%-ს სიღარიბე ემუქრება | Allnews.Ge

გერმანიაში მოსახლეობის 20%-ს სიღარიბე ემუქრება

გერმანიაში უმუშევრობის დონე რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა, თუმცა, მილიონობით ადამიანი მაინც ვერ ახერხებს გამოიმუშაოს იმდენი, რომ გადასახადები და კომუნალურები გადაიხადოს. შედეგად "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გერმანიაში ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ან სხვა სოციალური პრობლემების რისკის წინაშე იდგა 2017 წელს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა ევროკავშირის კვლევაზე დაყრდნობით გაავრცელა.

ქვეყანაში 15.5 მილიონი ადამიანი დგას სიღარიბის რისკის წინაშე, რაც დაახლოებით მოსახლეობის 19 პროცენტს შეადგენს. კვლევის მიხედვით, ამ რისკის წინაშე განსაკუთრებით ქალები არიან.

უფრო კონკრეტულად, მოსახლეობის 16.1 პროცენტს სიღარიბე ემუქრება დაბალი ყოველთვიური შემოსავლის გამო. გერმანიაში საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ადამიანზე დაახლოებით 1 243 დოლარია, ხოლო ოთხსულიანი ოჯახის (ორი ზრდასრული და ორი ბავშვი) შემოსავალი 2 303 დოლარი.

მოსახლეობის კიდევ 3,4 პროცენტი კი უფრო მძიმე ვითარებაშია, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვერ ახერხებენ ბინის ქირის და გათბობის გადახდას, ასევე ვერ ახერხებენ სრულფასოვან კვებას და შვებულების გატარება უწევთ სახლში ფინანსური პრობლემების გამო.

როგორც გერმანიის სოციალური კეთილდღეობის ასოციაციის VdK-ს პრეზიდენტი, ვერენა ბენტელი ამბობს, ევროკავშირის კვლევის შედეგები არის "სკანდალური", განსაკუთრებით ქვეყნის ამჟამინდელი "ეკონომიკური ბუმის" ფონზე. მისი თქმით, არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა და შრომის ბაზრის პოლიტიკის ახალი სტრატეგია.

myquiz