"მიგრანტების ქარავანი" ამერიკის საზღვრისკენ მიემართება | Allnews.Ge

"მიგრანტების ქარავანი" ამერიკის საზღვრისკენ მიემართება

ცენტრალური ამერიკიდან ათასობით მიგრანტი, მათ შორის მამაკაცები, ქალები და მთლიანი ოჯახები, მექსიკის სამხრეთ საზღვრისკენ მიემართებიან, რათა ამ ქვეყნის გავლით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდნენ.

რამდენი ადამიანია ქარავანში ?

ამერიკაში თავშესაფრის მიღების მსურველ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც 12 ოქტომბერს მსვლელობა ჰონდურასის სიდიდით მეორე ქალაქ სან პედრო სულადან დაიწყეს, მუდმივად იზრდება, თუმცა მსვლელობაში მონაწილე ადამიანთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი მაინც არ არის, რადგან ქარავანს ერთი კონკრეტული ორგანიზატორი არ ჰყავს.

მექსიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მსვლელობაში მონაწილეობას 4500 ადამიანი იღებს, გაეროს ინფორმაციით, კი მექსიკისკენ 7200 მიგრანტი მიემართება.

საიდან არიან ქარავანის წევრები ?

ქარავანმა მსვლელობა ჰონდურასიდან დაიწყო და მისი მონაწილეების დიდი ნაწილიც სწორედ ამ ქვეყნიდანაა, ისევე როგორც სალვადორიდან, გვატემალადან და ზოგიერთი მათგანი ნიკარაგუადან. რეპორტიორებმა, რომლებიც ქარავანთან ერთად მოგზაურობენ, ვერ ნახეს დონალდ ტრამპის მტკიცებულების დამადასტურებელი, რომლის მიხედვითაც, ქარავანში არიან მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდანაც.

ინტერვიუში ქარავანის ჰონდურასელმა წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ მსვლელობის შესახებ სოციალური ქსელი Facebook-ის მეშვეობით გაიგეს, ამის შემდეგ ჭორები სწრაფად გავრცელდა, მათ შორის, მცდარი დაპირება, რომლის მიხედვითაც, ქარავანის მონაწილეები თავშესაფარს აშშ-ში მიიღებდნენ. 30 წლის დარვინ რამოსის თქმით, სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი ცდილობდა ადგილობრივი ნარკოტიკული დაჯგუფებისგან მომავალ საფრთხეს გაქცეოდა და როდესაც ქარავანის შესახებ ამბავმა მასთანაც მიაღწია, მან ეს გამოიყენა, როგორც საუკეთესო შანსი, რათა ქვეყანაში არსებული ვითარებისთვის თავი დაეღწია.

რატომ უერთდებიან ადამიანები ქარავანს

ჯგუფში მყოფი ადამიანები ამბობენ, რომ ისინი გაურბიან სიღარიბეს, ძალადობასა და დანაშაულს, რის გამოც ცენტრალური ამერიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველზე საშიშ რეგიონად გადაიქცა.

30 წლის ჰონდურასელმა ბრაიან დელარტმა რეპორტიორებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების შედეგად დარჩენილი შრამები აჩვენა და განმარტა, რომ ეს მის სამეზობლოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგია. ჰონდურასელი მიგრანტების უმრავლესობის მსგავსად მანაც აღნიშნა, რომ მუდმივად მზარდი ფასები საკვებზე, წყალსა და ელექტროენერგიაზე, დაბალი ანაზღაურება და ადგილობრივი შეიარაღებული დაჯგუფების მხრიდან გამოძალვის მუდმივი ფაქტები, ცხოვრებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

ნიკარაგუელმა ოჯახებმა კი თქვეს, რომ ისინი ქვეყნიდან პოლიტიკურ არასტაბილურობას და ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი მძიმე ზომების გამოყენებას მოსახლეობის მიმართ, რის შედეგადაც, როგორც ცნობილია, 300 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტების თქმით, მსგავსი მასობრივი გადაადგილება მათ თავიდან აცილებს კონტრაბანდისტებისთვის ფულის გადახდის აუცილებლობას, ამასთანავე იცავს ბანდიტების თავდასხხმისგან, მათი მხრიდან გატაცების, ფულის გამოძალვის, სექსუალური ძალადობისა და სხვა მსგავსი შემთხვევებისგან.

მექსიკამ თავის სამხრეთ საზღვრებთან პოლიციის ასობით თანამშრომელი გაგზავნა, რომელსაც გვატემალადან და ცენტრალური ამერიკიდან მიმავალი ათასობით ადამიანი უახლოვდება.

აღნიშნული ზომები მექსიკამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვრის სრულად ჩასაკეტად ჯარს გამოიყვანს, ტრამპი იმ ქვეყნებს, ვინც მიგრანტების ქარავანს ამერიკის მიმართულებით გაატარებს, დახმარების შემცირებით დაემუქრა.

რა ელით ქარავნის მონაწილეებს

"ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობას პასპორტი არ აქვს, ისინი ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში სამოგზაუროდ ID-ბარათებს იყენებენ. თუმცა მექსიკა პასპორტის ქონას ითხოვს.

ერიკა გევარა როზასი უფლებათდამცველი ორგანიზაცია Amnesty International-იდან, მიიჩნევს, რომ მექსიკამ ტრამპის მეთოდები არ უნდა გადაიღოს და არ უნდა გაგზავნოს მიგრანტები იმ ქვეყნებში, სადაც მათ სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

მექსიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეკემბერში პოსტის დაკავების შემდეგ ცენტრალური ამერიკიდან ჩასულ მიგრანტებს სამუშაო ვიზებს მისცემს.

"ჩვენი გეგმა ასეთია ვისაც მექსიკაში მუშაობა სურს, სამუშაო ვიზას მიიღებს"- განაცხადა ახლადარჩეულმა პრეეზიდენტმა. თუმცა საგარეო საქმეთა მომავალი მინისტრი მიიჩნევს, რომ მიგრანტებმა არა სამუშაო ვიზა, არამედ ლტოლვილის სტატუსი უნდა მიიღონ.

მომზადებულია BBC-ისა და Guardian-ის მიხედვით

myquiz