დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონში იწვევს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ვაშინგტონში იწვევს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწეს, ჯონ ბოლტონს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტით მოწვევა დაავალა.

ამის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სარა სანდერსმა დაწერა.

"აშშ-ს პრეზიდენტმა ჯონ ბოლტონს სთხოვა, პრეზიდენტი პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მოიწვიოს. ვიზიტის განხილვა დაიწყო", - განაცხადა სარა სანდერსმა.

თეთრ სახლში ვიზიტის ზუსტ თარიღზე ან სხვა დეტალებზე არ უსაუბრიათ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მეორე შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან.

"რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა დიდი წარმატება იყო, გარდა ხალხის რეალური მტრისთვის, "ფეიკ ნიუს" მედიისათვის. მოუთმენლად ველი ჩვენს მეორე შეხვედრას, რათა შევძლოთ იმ საკითხების განხორციელება, რომლებიც განვიხილეთ, მათ შორის ტერორიზმის შეჩერება, ისრაელის უსაფრთხოება, ბირთვული იარაღის გავრცელება, კიბერშეტევები, ვაჭრობა, უკრაინა, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეა და სხვა საკითხები. ბევრი პასუხია ამ პრობლემებზე, ზოგიერთი მათგანი იოლია, ზოგიერთი კი რთული, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

myquiz