ხმელთაშუა ზღვაში დარჩენილი 629 მიგრანტი, რომლებიც არავის სჭირდება | Allnews.Ge

ხმელთაშუა ზღვაში დარჩენილი 629 მიგრანტი, რომლებიც არავის სჭირდება

სამაშველო ნავი, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებით არის სავსე, ხმელთაშუა ზღვაში რჩება მას შემდეგ, რაც იტალიამ და მალტამ მიგრანტების მიღებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ხელისუფლება მიგრანტების მიღებას დათანხმდა, ნავი ესპანეთის სანაპიროებისკენ გაცურვას უამინდობის გამო ვერ ახერხებს.

ამინდის პროგნოზის თანახმად, იმ ტერიტორიაზე, სადაც თავშესაფრის მაძიებლებით სავსე ნავია გაჩერებული, უახლოეს დღეებში ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება, რაც მომავალი 3-5 დღის განმავლობაში ნავის ესპანეთის სანაპიროსკენ გადაადგილებას სახიფათოს ხდის. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე დაყრდნობით independent-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, სამაშველო ნავზე 629 მიგრანტი იმყოფება, მათ შორის თანხმლები პირის გარეშე მყოფი 123 არასრულწლოვანი და 7 ორსული ქალია.

სამაშველო ნავი იტალის პორტებში მას შემდეგ არ შეუშვეს, რაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ, რომელიც ამავდროულად ულტრა-მემარჯვენე პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერია, განაცხადა, რომ ამ ნავისთვის იტალიის ყველა პორტი დაკეტილია. Facebook პოსტში მან მიგრანტებით სავსე ნავის მიღებისკენ მალტას მოუწოდა.

"მალტა არავის იღებს. საფრანგეთი ადამიანებს ისევ საზღვრებისკენ ყრის, ესპანეთი თავის მისადგომებს იარაღით იცავს. ამის შემდეგ იტალიაც უარს ეტყვის არალეგალურ მიგრაციას და ამ ადამიანების გადაადგილებას"- დაწერა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

თუმცა, ესპანეთის ახალარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელმაც მთავრობის მეთაურობა ჯერ ერთი კვირაა რაც ჩაიბარა, განაცხადა, რომ მიგრანტებით სავსე ნავს ვალენსიაში შეუშვებს, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ხმელეთზე გადმოსვლას შეძლებენ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებართვის მიუხედავად, ნავი ახლა უამინდობის გამო ვერ ახერხებს ესპანეთის მიმართულებით გადაადგილებას.

ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე" პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ, როგორც ჩანს პოლიტიკა კვლავ ადამიანების კეთილდღეობაზე უფრო მაღლა დგას. პრესსპიკერის თქმით, პრიორიტეტი უნდა იყოს ნავზე მყოფი ადამიანების კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

myquiz