6 შვილის დედა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის - მივიწყებული ქალები უგანდაში | Allnews.Ge

6 შვილის დედა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის - მივიწყებული ქალები უგანდაში

ქალები ხშირად არათანაბარ სიტუაციაში არიან, როდესაც საქმე განათლებას, ჯანმრთელობის დაცვასა და სამსახურს ეხება. ეს ჯგუფი განსაკუთრებით მოწყვლადი სექსუალური ძალადობის წინაშეა.

გლობალური მოვლენების, კონფლიქტებისა და ძალაუფლების გადანაწილების პროცესში ატეხილ ხმაურსა და აურზაურში მარგინალიზებული ქალის ხმის გაგონება ადვილი ნამდვილად არ არის.

თუმცა, ყველაზე მძიმე სიატუაციაშიც კი შეგიძლიათ ნახოთ ქალი, რომელმაც ყველაფერი დაძლია და სირთულეების მიუხედავად, გარემოსადმი ოპტიმისტურად განწყობილი და მიზანდასახული დარჩა.

ერთ-ერთი ასეთი ქალი უგანდაში მცხოვრები ფეიშენსია. იგი 30 წლის დედაა და 6 შვილი ჰყავს, ქმარი მაშინ გარდაეცვალა, როდესაც მათი სახლისა და მიწის მითვისებას ცდილობდნენ, ის კი თავის ოჯახსა და საცხოვრებელს იცავდა.

ამ დღეს ფეიშენსმა მეუღლე და სახლი ერთდროულად დაკარგა, იძულებით გადაადილებულ მრავალრციცხოვან სიას მისი ოჯახიც მიემატა, მისი და გარშემომყოფი ადამიანების სახლების ადგილას კი შაქრის ქარხნის მშენებლობა დაიწყეს.

"ერთ დღეს სახლში ვიყავით და ყვირილის ხმა გავიგეთ. გარშემო ძალადობა სუფევდა. იარაღი, ცრემლსადენი გაზი და მაჩეტეები ჰქონდათ. თუ სახლიდან გამოსვლას დააყოვნებდი მას მაშინვე გადაწვავდნენ. ყვირილის ხმა ყველა მხრიდან მესმოდა და გავიქეცი. მათ ჩვენი თხები, ძროხები და ქათმები წაიყვანეს და ჩვენს სახლს დაეპატრონენ"- გაიხსენა ფეიშენსმა independent-თან საუბარში.

როდესაც მისი სახლისა და მიწის დასაუფლებლად მივიდნენ მეუღლესთან და შვილებთან ერთად სახლში იყო. ამბობს, რომ წინასწარ არანაირი გაფრთხილება არ მიუღიათ. როდესაც ფეიშენსის სახლს მიადგნენ, ტყვიების სროლა დაიწყეს, ერთ-ერთი მათგანი მის მეუღლეს მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა.

"შოკში ვიყავი, დავინახე როგორ მოკვდა. ეს არასდროს დამავიწყდება"- ამბობს ფეიშენსი.

მსგავსი დარბევების დროს გარდაცვლილი ადამიანების ზუსტი რაოდენობა დადგენილი არ არის. ათასობით მათგანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. იძულებითმა გამოსახლებამ სწორედ ამდენივე უგანდელის ცხოვრება გაანადგურა, დატოვა რა ადამიანები მიწის ნაკვეთის გარეშე, სადაც მათ საკვები პროდუქტები ოჯახის გამოსაკვებად მოჰყავდათ.

უგანდაში მცხოვრები ქალების სამი-მეოთხედი ცხოვრებისთვის სახსრებს ფერმერობით შოულობს, ოჯახები მცირე მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ზოგიერთ შემთხვევაში უკანონოდ, რაც ინვესტორების საქმეს აადვილებს მათი გასახლებისას.

ხელისუფლება ინვესტორებს, მათ შორის, უცხოურ კომპანიებს ლიცენზიას აძლევს, ტოვებს რა მიწის მფლობელებს გამოსავლისა და მინიმალური კომპენსაციის ამარა.

მიწის ნაკვეთის მიტაცება-მითვისების ფაქტები 60 ქვეყანაშია დაფიქსირებული და 2011 წლის შემდეგ 227 მილიონი ჰექტარია ჩამორთმეული.

ახლა ფეიშენსი თავის 6 შვილთან ერთად თავშესაფრის მაძიებელთა ბანაკში ცხოვრობს.

"ცხოვრება ყველაზე საშინელი მაშინ გახდა, როგორც კი საცხოვრებლად აქ გადმოვედით, ძალიან ვიტანჯებოდით, საკვები საერთოდ არ გვქონდა, ყოველ დღე მძიმე სამუშაოს შესრულება მიწევდა, რომ ბავშვები გამომეკვება, თუმცა საკმარისი არასდროს იყო, მათ მამა ენატრებოდათ, ის ყველა ჩვენგანს გვაკლდა"- ამბობს ფეიშენსი.

ფეიშენსის მსგავს ქალებს საკვების შოვნისთვის მცირე მიწის ნაკვეთის დამუშავება ან ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევთ, როგორიც თხრაა. ბანაკში წყალი არ არის, ის 30 წუთის სავალზეა.

მალარია, დიარეა და სხვა ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები ბანაკში ცუდი სანიტარული პირობების გამო გავრცელებულია. ყოველდღიურობის ნაწილია ქურდობა და შევიწროვებაც. ფეიშენსს განათლება არ აქვს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მდგომარეობა თავისი შვილების შემთხვევაში გამოასწოროს. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა, ბრძოლა არსებობისთვის დაიწყო და არა რაიმე არამატერიალური ღირებულებებისთვის.

"ხანადახან ვფიქრობ, რომ უმჯობესია მოვკვდე და ამ ტანჯვას თავი ავარიდო, თუმცა შემდეგ ბავშვებზე ვფიქრობ და ისინი მაძლევენ ცხოვრებისთვის ძალას"- ამბობს ფეიშენსი.

6 შვილიდან 4-ის სკოლაში გაგზავნა მოახერხა, თუმცა კიდევ ერთი შვილის განათლებას ვეღარ გასწვდა.

უგანდაში ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურდება, რომლებიც მიწების მიტაცებას ეწინააღმდეგება და ქალების გაძლიერებას ემსახურება. ერთ-ერთი მათგანის წევრი ფეიშენსიც არის. ამბობს, რომ იქ მორალური დახმარების პარალელურად, ინფორმაციულადაც ეხმარებიან, საკუთარ უფლებებს აცნობენ, რაც მას ოჯახის დაცვაში ეხმარება. ფეიშენსის თქმით, ქალების გაერთიანებაში ის ძალაა, რომელიც საზოგადოებას მათ მოსმენას აიძულებს.

myquiz