ჰუმანიტარული დახმარება სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ - რა ხდება სირიაში? | Allnews.Ge

ჰუმანიტარული დახმარება სექსუალური მომსახურების სანაცვლოდ - რა ხდება სირიაში?

სირიელი ქალები სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან იმ მამაკაცების მხრიდან, რომლებიც გაეროსა და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციების სახელით ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცები ქალებს საკვებისა და სხვა სახის ყოველდღიური მოხმარების საგნების სანაცვლოდ, სექსუალურ მომსახურებას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ფაქტები სამი წლის წინაც დაფიქსირდა და ინფორმაციაც გავრცელდა, ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ სექსუალური ძალადობა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში დღესაც გრძელდება.

გაეროსა და სხვა საქველმოქმედო ორგანიზაცების განმარტებით, მათ ქალების ექსპლუატაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვთ, თანაც რეგიონში არსებული პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან, ამგვარი ქმედების შესახებ არაფერი იცოდნენ.

BBC-ის წყაროს განმარტებით, ქალების სექსუალური ექსპლუატაცია იმდენად გავრცელებულია, რომ ზოგიერთი სირიელი ქალი უარს ამბობს დისტრიბუციის ცენტრში მისვლასა და საკვების მიღებაზე, რადგან ადამიანები იფიქრებენ, რომ მათ დახმარების სანაცვლოდ ცენტრის თანამშრომლებს სექსუალური მომსახურება გაუწიეს.

წყარომ BBC-თან საუბარში ისიც კი თქვა, რომ ზოგერთი ჰუმანიტარული სააგენტო თვალს ხუჭავს ექსპლუატაციის ფაქტებზე, რადგან მესამე მხარე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სირიის განსაკუთრებით სახიფათო რეგიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად სჭირდებათ.

გაეროს პოპულაციის ფონდმა (UNFPA) გასულ წელს რეგიონში გენდერზე დაფუძნებული ძალადობა შეაფასა და დაასკვნა, რომ ადამიანები, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებას ანაწილებენ ამის სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას იღებენ.

ანგარიშში, რომელიც "ხმა სირიიდან 2018" (Voices from Syria 2018) სახელითაა ცნობილი, ნათქვამია, რომ არსებობს მაგალითები, როდესაც ქალები ან გოგოები ადგილობრივ ოფიციალურ პირებს ცოლად დროებით საკვების მიღების მიზნით მიჰყვებიან. დისტრიბუტორები ქალებსა და გოგონებს ტელეფონის ნომრებს სთოხვენ, სახლში სტუმრობასა და ისეთი მომსახურების გაწევას სთავაზობენ, როგორიც არის ერთი ღამე მათთან.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ექსპლუატაციის თალსაზრისით, მოწყვლად ჯგუფს მამაკაცის გარეშე დარჩენილი ქალები წარმოადგენენ, ქვრივები ან მეუღლეს გაშორებულები.
ქველმოქმედებისთვის მომუშავე ჰუმანიტარულმა მრჩეველმა დანიელა სპენსერმა ქალების სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ პირველად 2015 წლის მარტში იორდანიის ლტოლვილთა ბანაკში ქალების ჯგუფისგან მოისმინა.

მან ამ ქალების მონაწილეობით ფოკუს ჯგუფი გააკეთა, სადაც ისინი საუბრობდნენ, თუ როგორ სთხოვდნენ ადგილობრივი საბჭოების წარმომადგენელი მამაკაცები მათ სექსუალურ მომსახურებას დახმარების სანაცვლოდ. ამ ისტორიების მოყოლამ ზოგიერთი მონაწილე ცრემლებამდე მიიყვანა.

რამდენიმე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ სამხრეთ სირიის ორ რეგიონში გამოკითხული 190 ქალიდან 40% ძალადობის მსხვერპლი იყო, გაერომ რეგულაციები გაამკაცრა, ზოგიერთმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა გაწყვიტა და დახმარების განაწილებას მონიტორინგს თავად უწევდა.

myquiz