დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობა, აგრესია - რა გავლენა იქონია ომმა სირიელ ბავშვებზე? | Allnews.Ge

დეპრესია, პოსტტრავმული აშლილობა, აგრესია - რა გავლენა იქონია ომმა სირიელ ბავშვებზე?

მაშინ აჰმადი 7 წლის იყო, გარეთ კი კიდევ ერთი საშინელი 2015 წელი ცეცხლის ალში იწვოდა. როდესაც თავდასხმებისა და საჰაერო იერიშების ინტენსივობა თავის პიკს აღწევდა, ალეპოელ აჰმედს ნახატის დახატვა სთხოვეს - მაგრამ მას არ დაუხატავს გარეთ მოთამაშე ბავშვები, ლურჯი ცა და ღიმილიანი მზე, როგორც ამას ჩვენ ხშირად ვაკეთებდით ბავშვობაში. ამის ნაცვლად, მცირეწლოვანმა სკოლის მოსწავლემ თავის ნახატში ადგილი მოიერიშეებს დაუთმო, რომლებიც ციდან ბომბებს ყრიან, მეტი დამაჯერებლობისთვის სახლებს ცეცხლი წაუკიდა და დასახიჩრებული გარდაცვლილი ბავშვები დახატა. აჰმედმა მზეს არა, მაგრამ თავის ნახატში მკვდარ ბავშვებს ღიმილი მაინც აჩუქა, ცოცხლებს კი ცრემლები მიუხატა.

ამ პატარა ბიჭისთვის კალამი და ფურცელი ერთადერთი იარაღი იყო თავისი წართმეული ბავშვობის ტრავმირებული მოგონებების გამოსახატად. თუმცა სირიაში, მის მეზობელ ქვეყნებსა და ევროპისკენ მიმავალ მთელს გზაზე აჰმედის მსგავსი მილიონობით ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი ტკივილისა და ტრავმის გამოხატვის საშუალება არ აქვთ. ისინი ტირიან და სავარაუდოდ კიდევ დიდ ხანს იტირებენ იმიტომ, რომ მათ პროფესიონალური დახმარების ხელს არავინ უწვდის, ისინი მარტოები არიან საკუთარ მოგონებებთან, შიშთან და მენტალურ ტრავმებთან.

სირია საინფორმაციო ბადიდან ფაქტობრივად გაუჩინარდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ომი დასრულდა. მხოლოდ 2017 წლის პირველ რამდენიმე თვეში 250 ათას სირიელზე მეტი თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა, შედეგად კი მსოფლიომ 5,1 მილიონ სირიელ ლტოლვილზე მეტი მიიღო. 15 ადამიანი მათ შორის სამი ბავშვი ჩრდილოეთ ლიბანში გაყინულები იპოვეს, ისინი სირიიდან ლიბანში გადასვლას ცდილობდნენ, თუმცა იმის გამო, რომ კონფლიქტის ეპიცენტრის მეზობელმა ქვეყნებმა თავშესაფრის მაძიებლების მიღებაზე ლიმიტი დააწესეს, საზღვრის სიახლოვეს გარდაიცვალნენ.

სირიის კატასტროფულ კონფლიქტს უკვე შვიდი წელი შეუსრულდა, თუმცა ამ სისხლიანი დაპირისპირების შედეგები, ფსიქოლოგიური ტრავმების, მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პოსტრავმული სტრესული აშლილობის ხარისხი, ბავშვებსა და მოზრდილებში გამოკვლეული ჯერ კიდევ არ არის, ეს საკითხი არ შედის ადგილობრივი ხელისუფლებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების პრიორიტეტებში.

სირიელ-ამერიკელი კრიტიკული ზრუნვის სპეციალისტი ანა მაურაბი, რომელიც იდლიბის პროვინციაში დარჩენილ კოლეგებს დისტანციურად ეხმარება, ქალებსა და თინეიჯერებს შორის გამოვლენილი ახალი ტრენდის შესახებ საუბრობს. ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ ერთი ან რამდენიმე ქალი და თინეიჯერი ადგილობრივ საავადმყოფოში სუიციდის მცდელობის შემდეგ მიჰყავთ. მედიკოსები ფიქრობენ, რომ მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა მიაქციონ ყურადღება სირიაში არსებულ მდგომარეობას და მის ტრავმირებულ შვილებს დახმარებისა და მკურნალობის ხელი გაუწოდოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ ომის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს შესაბამისად არ უმკურნალებენ, შესაძლოა, საზარელი და არაპროგნოზირებადი მოვლენებისა და ფაქტების წინაშე აღმოვჩნდეთ მომავალში.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, იდლიბში 200 ათასი ადამიანი ლტოლვილი გახდა ასადის რეჟიმისა და რუსული მოიერიშეების სინქრონული ქმედებების შემდეგ. ალყაში მოქცეულ გუტას საავადმყოფოში 17 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები ევაკუაციის მოლოდინში გარდაიცვალნენ. გარდაცვლილთა გრძელი ნუსხა ყოველდღიურად ივსება და ფართოვდება, ამაზე კი ადგილობრივი აქტივისტების გარდა არავინ ღელავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მსოფლიომ სირიელები მიატოვა.

"აღნიშნული საშინელებით გამოწვეული დეპრესია, პოსტრავმული სტრესული აშლილობა, სუიციდისკენ მიდრეკილება, აგრესია და სხვა მენტალური დაავადებები უხილავი ჭრილობებია, რომლებიც დროთა განმავლობაში ვლინდება და რაც უფრო გვიან ვუმკურნალებთ ამ ჭრილობებს, ისინი უფრო ღრმა გახდება"- ამბობს ილინოისის უნივერსიტეტის ასოცირებული კლინიკური პროფესორი ზაერ სალოუ.

სირიელ-ამერიკელი ფსიქიატრის მ.კ ჰამზას ანგარიშის მიხედვით, სირიელი ლტოლვილი ბავშვების 45%-ზე მეტს პოსტრავმული სტრესული აშლილობა აწუხებს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს სხვა მენტალური ავადმყოფობა აღენიშნება როგორიც დეპრესია და აგრესიაა.

არსებობს მაღალი რისკი, რომ ეს ბავშვები მომავალში ნარკოტიკებზე დამოკიდებულები გახდნენ და გამორიცხული არაა რომ ექსტრემიზმის გზას თავადაც დადგნენ. ლიბანში 16 წლის აბედი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის მოზარდთა შორის რომელმაც თერაპიის და მედიკამენტოზური მკურნალობის კურსები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "იმედის ხელოვნების" დახმარებით გაიარა.

ორგანიზაციის დამფუძნებლის ტარა კანგარლოს განმარტებით, მოზარდი თავის მოკვეთის სცენის მოწმე გახდა მის მშობლიურ ქალაქ რაქაში, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს" დე ფაქტო დედაქალაქად ჰქონდა გამოცხადებული, ექსტრემისტებმა აბედს ხელიც მოაჭრეს. აბედს დეპრესია და დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და არ შეეძლო აგრესიის კონტროლი. ერთ-ერთი თერაპიის დროს მან თავის დამხმარესთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა მისთვის უკეთესი იყოს რომ თავის მშობლიურ ქალაქში დაბრუნდეს და "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს შეუერთდეს, მას დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და ამბობდა, რომ შესაძლოა მან დაიმსახურა რომ ექსტრემისტებმა ხელი მოაჭრეს.

სავარაუდოდ, მედიკოსები არ ცდებიან, რომ ამ ბავშვების მკურნალობა და დახმარება ერთადერთი გზაა ნელი მოქმედების ნაღმის გაუვნებელყოფისთვის.

myquiz