ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც დასაქმებულთა შესახებ ეს კანონი ამოქმედდა | Allnews.Ge

ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც დასაქმებულთა შესახებ ეს კანონი ამოქმედდა

2018 წლიდან ისლანდიაში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი ამოქმედდა.

კანონის თანახმად, ის კომპანიები, სადაც 25-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვალდებულები იქნებიან დაუმტკიცონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ერთი და იგივე სამუშაოსთვის მათ თანაბარი ანაზღაურება აქვთ დაწესებული, განურჩევლად თანამშრომლის სქესის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ ორიენტაციის.

"უკვე რამდენიმე ათწლეულია, მოქმედებს კანონი ქალებისა და მამაკაცების ერთნაირი ანაზღაურების შესახებ, მაგრამ ის მაინც არ სრულდება. ახალი კანონი სწორედ თანაბარ ანაზღაურებას უზრუნველყოფს", - განაცხადა ისლანდიის ქალთა უფლებების ასოციაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დაგნი ოსკ არადოტირ პინდმა.

კანონის ინიციატორები იმედოვნებენ, რომ 2022 წლისთვის აღნიშნული უთანასწორობა აღმოიფხვრება.

"უსამართლობასთან ბრძოლაში მამაცი და გაბედული გადაწყვეტილებებია საჭირო. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქალები და მამაკაცები სამსახურში თანაბარი შესაძლებლობებით სარგებლობენ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ",  - განაცხადა თანასწორობისა და სოციალური საკითხების მინისტრმა ტორსტეინ ვიგლუნდსონმა.

ამგვარად, ისლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მსგავსი კანონი ამოქმედდა.

myquiz