ქალები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩაში - რას აპროტესტებენ ირანში? | Allnews.Ge

ქალები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩაში - რას აპროტესტებენ ირანში?

ირანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. რთული ეკონომიკური მდგომარეობის გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული რამდენიმე ასეული ადამიანის დემონსტრაცია მოულოდნელად რამდენიმე ათასიან მიტინგებსა და შეტაკებებში გადაიზარდა, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციის თანახმად, 20 ადამიანი დაიღუპა, 450 ადამიანი კი საპატიმროში აღმოჩნდა. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანებმა აქციის ორგანიზება სოციალური ქსელის დახმარებით მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ 2009 წლიდან სოციალური ქსელის ნაწილი აკრძალული და დაბლოკილია.

რა ხდება ირანში? - ფოტორეპორტაჟი მასობრივი დემონსტრანციების ადგილიდან

პირველი საპროტესტო აქციები 28 დეკემბერს სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ მომიტინგეთა ნაწილი რთული ეკონომიკური ვითარების საფუძვლებს ირანის საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ კონფლიქტებში მის ჩართულობაში ხედავს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ხალხის ჯიბეს ურტყამს. პარასკევს საპროტესტო ტალღა უკვე დედაქალაქ თეირანსა და სხვა მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა. პროტესტი ვერ დამალეს ვერც სტუდენტებმა, რომლებიც თეირანის უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და ანტისახელისუფლებო სლოგანებს იქამდე სკანდირებდნენ, სანამ სამართალდამცველებმა არ დაარბიეს.

მართალია დემონსტრაციები ფასების ზრდის, უმუშევრობის მაღალ დონისა და ეკონომიკური უთანასწორობის გაპროტესტებით დაიწყო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი უფრო შორს წავიდა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლა მოითხოვა. აქციაზე მოისმენდით ისეთ ლოზუნგებს, როგორიც არის "სიკვდილი რუჰანის", "დაივიწყეთ პალესტინა", " არა ღაზა, არა ლიბანი, ჩემი სიცოცხლე ირანს". ექსპერტების შეფასებით, დემონსტრაციები წმინდად ეკონომიკურიდან სოციოეკონომიკურ და პოლიტიკურ აქციებში გადაიზარდა.

დასავლური გამოცემების თქმით, არეულობების უკან უფრო მეტი იმალება, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური ვითარებით უკმაყოფილება, რადგან ქვეყანაში არის ბევრი ფრაქცია, რომელთაც სურს, ქვეყანა საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს და განსხვავებული მიმართულებით წაიყვანოს.

ირანს, ერთი მხრივ უმაღლესი სასულიერო პირი აიათოლა ალი ხამენეი მართავს, თუმცა ქვეყანას არჩეული პრეზიდენტიც ჰყავს. სწორედ ამიტომ, ქვეყნას არ აქვს მკვეთრად განსაზღვრული მმართველობის ფორმა - მიუხედავად იმისა, რომ მმართველობა ბოლომდე დემოკრატიული არ არის, რეჟიმი არც მთლად დიქტატორულად შეიძლება ჩაითვალოს.

ქვეყანაში საბოლოო სიტყვა მაინც სულიერ ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის ეკუთვნის, რომელიც ირანში ღრმად კონსერვატიული იდეებისა და კანონის გატარებას ცდილობს და კრიტიკულად არის განწყობილი დასავლეთის მიმართ. ქვეყანაში მიმდინარე არეულობა ხამენეიმ სწორედ გარეშე მტრებს დააბრალა და აღნიშნა, რომ მტრები ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ირანელ ხალხს ზიანი მიაყენონ.

ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭო უფრო შორს წავიდა და ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაერთიანებულ სამეფოსა და საუდის არაბეთს დააბრალა. მისი თქმით, სწორედ ეს ქვეყნები ხელმძღვანელობენ სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიებს.

გასულ წელს კიდევ ერთი 4-წლიანი ვადით არჩეული პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი საკუთარ თავს პრაგმატულ ლიდერად წარმოაჩენს, რომელსაც ქვეყნის მოდერნიზება და დანარჩენი მსოფლიოსთვის კარის ფართო გახსნა სურს. საპროტესტო აქციები რუჰანისთვის მთავარი გამოცდა გახდა. პრეზიდენტი აწყდება კრიტიკას რადიკალების მხრიდან, რომლებიც თავის მხრივ მომიტინგეების დარბევის ინიციატივით გამოდიან, მეორე მხრივ კი ლიბერალების სკეპტიციზმს აწყდება, რომლებიც ამბობენ, რომ ჰასან რუჰანის კონსერვატული კანონების წინააღმდეგ წასვლა და ქვეყანაში რეალური ცვლილებების განხორციელება არ შეუძლია.

როგორ მოიქცა ჰანან რუჰანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას?

საზოგადოებას უფლებები გააცნო და აღნიშნა, რომ ხალხი თავისუფალია საკუთარი მოსაზრებისა და მათ შორის კრიტიკის გამოხატვაში, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ გამოიჩენს არანაირ ტოლერანტობას თუ დემონსტრაციების მსვლელობისას საზოგადოებრივ ადგილებს დააზიანებენ და საზოგადოებრივ წესრიგს დაარღვევენ.

საინტერესო ის არის, რომ საპროტესტო განწყობის ჩახშობის მცდელობისას ხელისუფლების წევრებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია. ფასების პრობლემის გამოსწორებაზე კი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს- განმარტეს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და აღნიშნეს, რომ დემონსტრაციის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ შეძლებენ ხელისუფლებას ავნონ, მაგრამ აქციის სულის ჩამდგემელებს ავიწყდებათ, რომ მსგავსი მსვლელობები ხშირად ლიდერების კონტროლს აღარ ექვემდებარება.

ირანში მიმდინარე პროცესებზე კომენტარის გაკეთება არ დააყოვნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებას მშვიდობიანი მომიტინგეების დაპატიმრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. დონალდ ტრამპმა ირანის თემაზე ტვიტერის საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი უკვე გააკეთა. ერთ-ერთ მათგანში კი ვკითხულობთ: "რეპრესიული რეჟიმი სამუდამოდ არ გასტანს. მსოფლიო თვალს გადევებთ!".

ექსპერტების განმარტებით, სიტუაცია იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. არავინ ელოდა, რომ დემონსტრანტები ანტისახელისუფლებო სლოგანებით გამოვიდოდნენ, თუმცა ამანაც მრავალათასიანი დემონსტრაციების სახე მიიღო. ვითარება იმდენად დინამიკური აღმოჩნდა, რომ იმის პროგნოზირება თუ რა მოხდება შემდეგ ძალიან რთულია.

myquiz