რა ვიცით მანჰეტენზე გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე? | Allnews.Ge

რა ვიცით მანჰეტენზე გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე?

მანჰეტენის ავტოსადგურ Port Authority-ზე მომხდარი აფეთქება "მარტოხელა მგლის" მიერ იყო განხორციელებული. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, აფეთქების შედეგები ცალსახად უარესი იქნებოდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბოლომდე რომ ამოქმედებულიყო. როგორც ცნობილია აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა და მოსახლეობაში პანიკა დათესა.

სამართალდამცველების განმარტებით, ტერაქტის ორგანიზატორი 27 წლის აქაიედ ულა ირწმუნება რომ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" არის დაკავშირებული და ტერორისტული აქტის განხორციელებას ღაზაში ისრაელის ქმედებების საპასუხოდ აპირებდა.

გამომძიებლების თქმით, ბრალდებულს სულ მცირე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ტერორისტმა აამოქმედა, დაახლოებით 300 მეტრის სიგრძის იყო და შავ ფხვნილს, ბატარეას, ლურსმნებსა და ხრახნებს შეიცავდა. სამართალდამცველებს მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტალური შემოწმება ჯერ არ დაუწყიათ. გამომძიებლების განმარტებით, ამოქმედებულ ასაფეთქებელ მოწყობილობაში თავად მილი არ აფეთქდა, რამაც მისი ძალა შეამცირა.

როგორ განვითარდა მოვლენები აფეთქებამდე

აქაიედ ულას გადაადგილება: ტერორისტი პირველად უსაფრთხოების კამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ის რკინიგზის სადგურის კიბეებზე ადგილობრივი დროით 6:25 საათზე ადიოდა, დაახლოებით აფეთქებამდე ერთი საათით ადრე.

როგორ იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა გაკეთებული: ტერორისტმა ბომბი გასულ კვირას ბრუკლინში თავის საცხოვრებელ სახლში გააკეთა.

ტერორისტის მდგომარეობა: ამ დროისთვის აქაიედ ულა ნიუ-იორკის ადგილობრივ Bellevue-ს საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მას ხელებსა და მუცელზე არსებულ დამწვრობებზე მკურნალობენ. ადგილობრივ საავადმყოფოებში იმყოფება აფეთქების შედეგად დაშავებული 5 ადამიანი, რომლებსაც მეორე ხარისხოვანი დაზიანებები აღენიშნებათ.

ტერორისტის წარმომავლობა: აქაიედ ულა წარმოშობით ბანგლადეშიდანაა, თუმცა ბრუკლინში ცხოვრობს, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წელს ჩავიდა საოჯახო ვიზის საშუალებით. შიდა უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის განმარტებით, ის კანონიერი მუდმივი მაცხოვრებელია.

რა თქვეს მისმა მეზობლებმა: მისი მეზობლების თქმით, ულა ბრუკლინში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით, ის სხვენში ცხოვრობდა, მისი და და ძმა კი მის ქვემოთ. მეზობლების განმარტებით, ის სულაც არ იყო მეგობრული, ოჯახი კი თავის მხრივ ძალიან მშვიდი იყო, არავის ელაპარაკებოდნენ, არავისთან ჰქონდათ კონტაქტი.

აფეთქება ადგილობრივი დროით 7:20 საათზე მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა, რომელიც მატარებლის ორ ხაზს და ავტობუსის ტერმინალს აერთებს. ამ ადგილს დღის განმავლობაში 200 ათასი მგზავრი გადის.

მომზადებულია "ბიბისის" მიხედვით

myquiz