სამხედრო აღჭურვილობა, ტანკები, დრონები: მსოფლიოში შეიარაღების გაყიდვა გაიზარდა | Allnews.Ge

სამხედრო აღჭურვილობა, ტანკები, დრონები: მსოფლიოში შეიარაღების გაყიდვა გაიზარდა

მსოფლიოში შეიარაღების გაყიდვა იზრდება. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, მთავარი ბენეფიციარები ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის იარაღის მწარმოებელი კომპანიები არიან.

სამხედრო აღჭურვილობა, ტანკები, დრონები: იარაღითა და სამხედრო მომსახურებით ვაჭრობა კიდევ ერთხელ 2016 წელს გაიზარდა. ამ წელს დაფიქსირებული მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს 1,9%-ით აღემატებოდა და 38%-ით მეტი იყო, ვიდრე 2002 წელს. სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს მსოფლიოს 100-მა უმსხვილესმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ 374,8 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღი გაყიდა.

კერძოდ, ამერიკის შეერთებული შატების იარაღის მწარმოებლები ყველაზე მეტ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებენ და ყიდიან. ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს აშშ-ის სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანიების მიერ იარაღის გაყიდვა 4%-ით გაიზარდა, გაყიდვების ჯამურმა ოდენობამ კი 217,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი მხოლოდ იმით არ არის განპირობებული, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მრავალრიცხოვანი სამხედრო წარმომადგენლობები ჰყავს სხვა ქვეყნებში, გაყიდვები იმის გამოც გაიზარდა, რომ აშშ-ისგან შეიარაღება სხვა ქვეყნებმა შეიძინეს.

2016 წელს მსოფლიოში იარაღის გაყიდვების პროცენტული წილი ქვეყნების მიხედვით

მაგალითისთვის მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა Lockheed Martin-მა თავისი ახალი F-35 ისეთ ქვეყნებს მიჰყიდა, როგორიც გაერთიანებული სამეფო, იტალია და ნორვეგიაა, თუმცა, როგორც ცნობილია, მისი ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ამერიკის საჰაერო ძალებია. ანგარიშმა ცხადად აჩვენა, რომ შეიარაღების უმეტესობა ამერიკული კომპანიებიდან მოდის და ჯამში მსოფლიოში იარაღის გაყიდვების 57,9 პროცენტს შეადგენს. დასავლეთ ევროპას იარაღით უმსხვილეს მომმარაგებელთა შორის მეორე ადგილი უკავია, რომელსაც რუსეთი მოჰყვება.

იარაღით ვაჭრობა კრიზისებით სარგებლობს

იარაღით ვაჭრობის ტენდენციას ცალსახა გამოსახულება არ აქვს დასავლეთ ევროპაში. მაშინ როდესაც ფრანგული და იტალიური კომპანიები ნაკლებ შეიარაღებას ყიდიან, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ "ბრექსითის" მიუხედავად, ბრუნვა გაზარდა. გერმანული ტანკების მწარმოებელი Krauss-Maffei და Rheinmetall, რომელიც სამხედრო ტრანსპორტს აწარმოებს, თავის პროდუქციას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყიდის.

"ამის მიუხედავად, ძალიან ძნელია მიმდინარე ომებსა და იარაღის გაყიდვის მონაცემების ზრდას შორის ცალსახა კავშირის გავლება, თუმცა, ეს კავშირი მაინც არის. მოთხოვნა გაიზარდა კონკრეტულ იარაღზე - სამხედრო აღჭურვილობაზე, რაკეტებსა და სამხედრო ტრანსპორტზე", - ამბობს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის შეიარაღებისა და სამხედრო ხარჯების პროგრამის დირექტორი აად ფლერანტი.

სამხრეთ კორეა საკუთარ თავს თვითონ ამარაგებს

2016 წელს სამხრეთ კორეის იარაღის მწარმოებლების მიერ იარაღის გაყიდვამ 20,6%-ით მოიმატა, რასაც ცალსახა კავშირი აქვს რეგიონში არსებულ გამოწვევებთან და იმ საფრთხეებთან, რასაც ჩრდილოეთ კორეა ქმნის. სამხრეთ კორეა ჩრდილოლეთ კორეის ბირთვული პროვოკაციის გამო საფრთხეს გრძნობს და, შესაბამისად, სამხედრო ხარჯებსაც პირდაპირპროპორციულად ზრდის. სამხრეთ კორეის იარაღის მწარმოებელი კომპანიები კი, რომელთა მთავარი მომხმარებელი თავად სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროა, ამ პროცესებისგან მოგებას ნახულობენ.

კვლევის თანახმად, იარაღის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია ჩინეთიც, თუმცა ამ ქვეყნის მონაცემები ანგარიშში ვერ მოხვდა, რადგან ანალიტიკოსებს სანდო მონაცემები არ ჰქონდათ ჩინეთის მიერ იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებით- "თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩინეთის იარაღის მწარმოებელები პირველ ოცეულში არიან", - აღნიშნა აად ფლერანტიმ.

კვლევის განმავლობაში ისიც ცალსახა გახდა, რომ ნავთობზე ფასის მატების პარალელურად, იარაღით ვაჭრობის ინტენსივობა შემცირდა, რადგან ნავთობზე გაღებული ხარჯებიდან გამომდინარე ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, დიდი რაოდენობით შეიარაღების ყიდვას ვეღარ ახერხებდა.

მომზადებულია "დოიჩე ველეს" მიხედვით

myquiz