თურქეთში, ზოგიერთ საერთაშორისო ავიარეისზე შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდებიან | Allnews.Ge

თურქეთში, ზოგიერთ საერთაშორისო ავიარეისზე შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდებიან

თურქეთში რიგ საერთაშორისო ფრენებზე თვითმფრინავში უსაფრთხოების ზომებისთვის შეიარაღებული პოლიციელები იქნებიან. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეტ არსლანმა განაცხადა.

გასულ კვირას თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, შეიარაღებულ პოლიციელებს შეუძლიათ იმ თვითმფრინავებზე ყოფნა, რომელიც თურქეთში ან თურქეთიდან მიფრინავს. აღნიშნულის მიზანი ტერორისტული აქტების პრევენციაა.

"თვითმფრინავებში შეიარაღებული პოლიციელების პრაქტიკა უსაფრთხოების მიზნებისათვის გავრცელებულია არა მხოლოდ თურქეთში. ამის გამოყენება ხდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში. აქამდე ჩვენი კანონმდებლობა ამას არ უშვებდა და ამის გამო სირთულეები გვქონდა", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, საჰაერო პოლიციის ოფიცერები საერთაშორისო რეისებზე მას შემდეგ გამოჩნდებიან, რაც თურქეთსა და შესაბამის ქვეყანას შორის, რომლის მიმართულებითაც ფრენა ხორციელდება, შესაბამისი შეთანხმება დაიდება. მისი თქმით, ახალი რეგულაცია მხოლოდ რიგ საერთაშორისო რეისებს შეეხება.

myquiz