ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან? | Allnews.Ge

ტრამპის 1 წელი - რა მიიღო მსოფლიომ და საქართველომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისგან?

2016 წლის 8 ნოემბერი. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ამერიკაზე, სადაც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. თავისუფალი მსოფლიოს წამყვანი ქვეყანა, რამდენიმე საათში გაარკვევს, ვინ უხელმძღვანელებს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ამერიკული მეინსთრიმ მედია და გამოკითხვები უპირობო ფავორიტად აშშ-ს ყოფილ პირველ ლედისა და სახელმწიფო მდივანს - ჰილარი კლინტონს ასახელებენ. ექსტრავაგანტული ბიზნესმენი, ამერიკის პოლიტიკური ისთებლიშმენთის "თეთრი ყვავი" დონალდ ტრამპი, რომელიც დემონიზირებული იყო ამერიკული მედიის მიერ, არჩევნების ფავორიტად არ მიიჩნევა. რამდენიმე საათში დადგება შედეგი, რომელიც ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მსოფლიოს შეძრავს.

თუ რეალურად რა მოხდა ამ დღეს, ამას აღნიშნული მოვლენების ერთ-ერთი უშუალო მონაწილე, "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში "What Happened" ("რა მოხდა") გვიყვება:

არჩევნების საღამო. შედეგების მოლოდინში.

"სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა იმის გააზრება თუ როგორ მოვიპოვებდით საკმაო ხმებს, რათა გაგვემარჯვა. როგორ მოხდა ეს? რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით წინასაარჩევნო კამპანიისას. ჯიმ კომის წერილს არჩევნებამდე 11 დღით ადრე ცივი შხაპის ეფექტი ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობდი, რომ ჩვენ ფეხზე წამოვდექით. არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე კარგად მივდიოდით. ენერგიისა და ენთუზიაზმის მუხტი გვქონდა. ჩვენი პროგნოზები, ასევე გამოკითხვები გამარჯვების შესანიშნავ შანსს გვაძლევდა. თუმცა, ეს გამარჯვება უკვე ქრებოდა. გაოგნებული ვიყავი. მენტალურად ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად. თავშიც კი არ მომსვლია აპოკალიფსური სცენარი და არც კი მიფიქრია, თუ რას ვიტყოდი წაგების შემთხვევაში. ამაზე უბრალოდ არ მიფიქრია. მაგრამ ახლა ეს უკვე რეალობა იყო და ბრძოლა დამჭირდა ამ რეალობისთვის სახეში შემეხედა. თითქოს ოთახში ჰაერი არ იყო და სუნთქვა მიჭირდა".

მათაც კი, ვისაც შესაძლოა არ მოსწონდეს ჰილარი კლინტონი, ან სრულად ინდიფერენტული იყოს მის მიმართ, ეს პასაჟი გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. ამ დღის დრამატული ნაწილი შესანიშნავად არის გადმოცემული. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჰილარი კლინტონისთვის დამარცხება გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე ეს დონალდ ტრამპისთვის იქნებოდა. ის ამ დღემდე ათწლეულების განმავლობაში მიდიოდა. აშშ-ს პირველი ლედის პოსტის შემდეგ იყო მოღვაწეობა აშშ-ს სენატში, 2007 წელს ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო პრაიმერიზში მონაწილეობდა, თუმცა სენატორ ბარაქ ობამასთან დაპირისპირებაში დამარცხდა, უკვე 2009 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივანის პოსტზე ვიხილეთ. ჰილარი კლინტონის გზა 2016 წლის 8 ნოემბრამდე დიდი იყო, ის ამ დღეს დიდი ხანი ელოდებოდა და ყველა წინაპირობა იყო შექმნილი, რომ აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გამხდარიყო...

თუმცა, საკმარისია ჰილარიზე საუბარი. ამ დღის გმირი დონალდ ტრამპია. 2015 წლის 16 ივნისს მსოფლიო წამყვანი მედიასაშუალებების მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ოდიოზური ბიზნესმენი დონალდ ტრამპი "რესპუბლიკური პარტიის" პრაიმერიზში მიიღებდა მონაწილეობას. სიმართლე გამხელილი სჯობს და ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი, რომ პირადად მე ამ ამბავმა გესლიანი ღიმილი დამიტოვა. რთული იყო დონალდ ტრამპის თუნდაც "რესპუბლიკური პარტიის" შიგნით ფავორიტად განხილვა იმ სიტუაციაში, როდესაც "რესპუბლიკური პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოდნენ ისეთი წამყვანი პოლიტიკური ფიგურები, როგორიც არიან - სენატორი მარკო რუბიო, სენატორი ჯებ ბუში, გუბერნატორი სკოტ ვოლკერი და ა.შ. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა გამოცდილ პოლიტიკოსებზე უკეთ იგრძნო იმ პრობლემების პალიტრა, რომელიც ასე აწუხებდა ამერიკულ საზოგადოებას. არ ვგულისხმობ ნიუ-იორკს, სან-ფრანცისკოს ან ვაშინგტონს, არამედ იმ შუაგულ, "ერთსართულიან ამერიკას", რომელიც ხშირად უგულვებელყოფილი იყო ამერიკელი მეინსთრიმ პოლიტიკოსების მიერ. დიახ, ტრამპმა ოსტატურად ითამაშა ამ "ერთსართულიანი ამერიკის" სენტიმენტებზე და ზუსტად ეს გახდა მისი საბოლოო გამარჯვების საწინდარი.

ინაუგურაციის დღე, 2017 წლის 20 იანვარი

კვლავ დავუბრუნდეთ 2016 წლის მოვლენებს. ჩვენი დროით უკვე 9 ნოემბრის დილის 09:00 საათისთვის, დონალდ ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 276 ხმა მოიპოვა. ის უკვე მიუწვდომელი იყო ჰილარი კლინტონისთვის! ის, რაც ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც დონალდ ტრამპმა თავისი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ განაცხადა, ბევრს არარეალურად ეჩვენებოდა, რეალობად იქცა. ტრამპი აშშ-ს რიგით 45-ე პრეზიდენტი გახდა.

ჰილარი კლინტონი თავის მემუარებში ამ მომენტზე წერს:

"უდაოდ, ეს ჩემი არსებობის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მომენტი იყო. მე ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, ხოლო დონალდ ტრამპმა მითხრა, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რათა ხელისუფლების გადაცემა შეფერხების გარეშე განხორციელებულიყო".

ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა

ტრამპის პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლისთავზე ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა თუ როგორი იყო აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას და პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ამერიკული მეინსთრიმ მედია არ წყვეტს ტრამპისა და კრემლის ერთმანეთთან დაკავშირებას და საიდუმლო გარიგებაზე საუბარს. აღსანიშნავია, რომ ამგვარი გარიგების რაიმე მტკიცებულებები ჯერ არავის უნახავს. თუმცა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

თუ ობამას ადმინისტრაციის დროს რუსეთთან ურთიერთობები ცუდის ნიშნულზე იყო, ტრამპის ადმინისტრაციის დროს ეს ურთიერთობები უკიდურესად დაბალ ნიშნულზე გადავიდა. აღნიშნულს შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა მოსკოვში. ფრთხილი ოპტიმიზმის დამოკიდებულებიდან ოფიციალური მოსკოვი უკიდურესად პესიმისტურ დამოკიდებულებაზე გადავიდა. "აშშ-ს საგარეო პოლიტიკის კურსი არ შეცვლილა", - ასეთი დიაგნოზი დასვეს კრემლის პოლიტექიმებმა. იხილეთ ვრცლად

myquiz