კიევში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები - რა აკავშირებს რამზან კადიროვს თავდასხმასთან | Allnews.Ge

კიევში მომხდარი ტერაქტის ახალი დეტალები - რა აკავშირებს რამზან კადიროვს თავდასხმასთან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის მრჩეველი ივან ვარჩენკო აცხადებს, რომ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმაში "რუსული კვალი არსებობს", ხოლო მისი მკვლელობით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იყო დაინტერესებული. ამის შესახებ ვარჩენკომ ტელეარხ "112 უკრაინას" განუცხადა.

მისი თქმით, კადიროვს შესაძლოა დეპუტატზე თავდასხმასთან კავშირი ჰქონდეს, ვინაიდან 2014 წელს ის მოსიჩუკს მოკვლით ემუქრებოდა.

"ვარიანტები ძალიან ბევრია, დამკვეთი კი ერთი - რუსეთი. არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტულად, რამზან კადიროვის მიერ 2014 წელს გაკეთებული განცხადებები, სადაც ის პირდაპირ ამბობდა, რომ მოსიჩუკის და ზოგიერთი მისი კოლეგის მოკვლას აპირებს. გამოძიება სხვა ვერსიებზეც მუშაობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრიოტეტული სწორედ რუსი დამკვეთის შესახებ ვერსიაა", - განაცხადა მან.

კიევში ტერაქტის შედეგად დაშავებული დეპუტატი იგორ მოსიჩუკი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ორ კვირაში მას კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდება, - "უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის გამგემ, იგორ კონივეცმა განუცხადა.

"მდგომარეობა მძიმეა. ღამით მას 3-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ძალიან ბევრი ნამსხვრევი ამოვიღეთ", - განცხადა კონივეცმა.

ექიმის თქმით, მოსიჩუკი ახლა ინტენსიური თერაპიის პალატაში იმყოფება.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, "რადიკალური პარტიის" წევრი იგორ მოსიჩუკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტის დამკვეთები მოსკოვში არიან.

ამის შესახებ დეპუტატის მიერ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მე ვთვლი, რომ დამკვეთები მოსკოვში არიან, შემსრულებლები კი - კიევში. არაა გამორიცხული, რომ პატრიოტულ წრეებში აგენტურა მოქმედებს. უკრაინაში ასეთი დონის სახელმწიფო მოხელეზე ეს პირველი თავდასხმაა", - განაცხადა მოსიჩუკმა.

დეპუტატის თქმით, ის დაცვის წევრმა გადაარჩინა, რომელიც ტერაქტის დროს დაიღუპა.

"მე მხოლოდ დაცვის წევრის, რუსლანის დახმარებით გადავრჩი. 2013 წელს ის "ბერკუტის" წევრი იყო და ბარიკადების მეორე მხარეს იდგა. გუშინ კი გარდაიცვალა, როდესაც მე, ნაციონალისტს, მიცავდა. ცხოვრება შავ-თეთრი არ არის. გამარჯვების მისაღწევად ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ", - ამბობს მოსიჩუკი.

მისი თქმით, მისმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

შეგახსენებთ, რომ კიევში ტელეკომპანია "ესპრესოსთან" მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის იგორ მოსიჩუკი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა.

myquiz