გახდება თუ არა ერდოღანი ახალი "ათათურქი"?! | Allnews.Ge

გახდება თუ არა ერდოღანი ახალი "ათათურქი"?!

პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმება და მინისტრთა კაბინეტის საკუთარი შეხედულებისამებრ დაუბრკოლებელი ცვლა.

მოსამართლეების დანიშვნა-გათავისუფლების პრეროგატივა და საკანონმდებლო საქმიანობაში ჩარევა - ეს იმ უფლებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოსახლეობის 51,4%-მა 16 აპრილს ჩანიშნული რეფერენდუმის შედეგად მიანიჭა.

უკვე 2019 წლიდან, რეგიონის ეს მნიშვნელოვანი აქტორი, მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადავა, რაც კრიტიკოსებს ავტორიტარიზმზე საუბრის საფუძველს აძლევს.

თავად ქვეყნის პირველი პირი საკონსტიტუციო რეფორმებისა და პრეზიდენტის ხელში მნიშვნელოვანი ძალაუფლების კონცენტრირებას სახელმწიფო სტაბილურობის გარანტრად მიიჩნევს, საკუთარ თავს კი პრეზიდენტობის კიდევ ერთ ვადას უწინასწარმეტყველებს.

ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნების სურვილი შესაძლოა, უსაფუძვლოდ არ მოგვეჩვენოს თუ თურქეთის სამხედრო გადატრიალებების პრაქტიკას გავითვალისწინებთ. 1960 წლიდან მოყოლებული თურქეთის მოსახლეობა 4 სამხედრო გადატრიალების, 2016 წელს კი გადატრიალების მცდელობის მოწმე გახდა.

1980 წლის 12 სექტემბრის პუტჩის დროს, 26 წლის ერდოღანს გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება უკვე ჰქონდა, ხელმძღვანელობდა რა ბეიოღლუში "ეროვნული გადარჩენის პარტიის" ახალგაზრდულ ფრთას, შემდგომში კი იმავე პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობას სტამბოლში. გადატრიალების შემდეგ, ყველანაირი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პარალელურად, ერდოღანმა თავი კერძო სექტორს შეაფარა და სხვადასხვა ორგანიზაციაში მენეჯერის თანამდებობას იკავებდა.

ერთი წლის შემდეგ, მარმარის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტიც დაასრულა, 1982 წელს კი სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულება მოიხადა, ამ პერიოდისთის რეჯეფ თაიფ ერდოღანი ემინე გიულბარანიზე იყო დაქორწინებული.

1983 წლიდან რეჟიმის ლიბერალიზაციისა და პარტიული მოღვაწეობის დაშვების შემდეგ, თურქეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, კეთილდღეობის პარტიაში გაწევრიანდა და პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. ცნობილია, რომ ერდოღანის პოლიტკულტურასა და შეხედულებებზე მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის ყოფილმა მთავრობის მეთაურმა, ნეჯმეტინ ერბაკანმა იქონია.

პოლიტიკურ კარიერაში პაუზის აღება ერდოღანს კიდევ ერთხელ, 1997 წლის გადატრიალებისას მოუხდა. პოლიტიკური შვებულება სტამბოლის მერმა სასჯელაღსრულების დაწესეულებაში გაატარა, სადაც მან 4 თვე ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დაჰყო.

გასული წლის 15 ივლისს, ერდოღანი უკვე ამბოხებულების თავდასხმის უშუალო სამიზნე გახდა. გადარჩენა დაცვის ორი წევრის სიცოცხლის ფასად დაუჯდა, ქალაქ მარმარისიდან სტამბოლში დაუყოვნებლივ გადაფრინდა და ტელეხიდით მოსახლეობას მიმართა. ამ მომენტისთვის, სცენარის შემდგომი განვითარება ყველასთვის ცხადი გახდა, მოქმედებამაც არ დააყოვნა.

სამხედრო გადატრიალებების ფობიით შეპყრობილმა პრეზიდენტმა, თანამდებობის შესანარჩუნებლად ყველა ღონე იხმარა. მიღებულ ზომებს - 240 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 35 ათასი - დაშავდა, 50 ათასი - გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, 120 ათასი კი სამუშაო ადგილს დაემშვიდობა. შედეგად, უკვე დიდი ხნის წინ, დაანონსებული რეფორმების მტკიცე საფუძველი შეიქმნა, კამპანიამ აჩქარებული ტემპით ჩაიარა და რეფერენდუმის პერიოდიც მკაფიო თარიღით განისაზღვრა.

მოზარდობისას ფუნთუშებითა და გამაგრილებელი სასმელით მოვაჭრე ერდოღანმა, მიზანს მიაღწია და ქვეყნის სათავეში ჯერ პრემიერ-მინისტრისა და შემდეგ პრეზიდენტის რანგში, 14 წლიანი მოღვაწეობის მიუხედავად, დაუკმაყოფილებელი ამბიცია 16 აპრილს, სრულად დაიკმაყოფილა. განუხორციელებელი სურვილების რიგში, ყოფილი იმამისა და ერდოღანის მიერ უკანასკნელი სამხდერო გადატრიალების ორგანიზებაში ბრალდებული ფეთულა გიულენის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსტრადირება და სიკვდილით დასჯის აღდგენაა.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

თუმცა, როგორც ვხვდებით რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის "შეუსრულებელი მისია" არ არსებობს, მან ხომ პოლიტიკური ჟინი, სასაზღვრო დაცვის ოჯახის წევრობიდან, პრეზიდენტობამდე სავალ გზაზე განიმტკიცა.

ინტერნეტში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის წინაპრები, რიზეში აჭარიდან გადასახლდნენ. საუბარია იმაზეც, რომ 2003 წელს, საქართველოში ვიზიტისას, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, თავის ქართულ წარმომავლობაზე ისაუბრა, თუმცა მოგვიანებით 2014 წელს სატელევიზიო ინტერვიუსას მან ყოველგვარი ქართული ფესვები უარყო. ამის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება, მტკიცე ხელით თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის სხვა ხრიკების გამოყენებით, ერდოღანმა გავლენა ეროვნულ და მსოფლიო დონეზეც მოიპოვა.

რეფერენდუმის შედეგებმა ცხადყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტისდმი დამოკიდებულება ანტაგონისტურია. მომხრეები მის სახელს ეკონომიკურ პროგრესს, დემოკრატიის აღმოცენებას, პლურალისტული და სეკულარული გარემოს შექმნას უკავშირებენ, საკუთარი ფაქტების გასამყარებლად კი ისეთი არგუმენტები მოჰყავთ, როგორიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მშპ-ს 64%-ით გაზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და ინფლაციის მკვეთრი შემცირება, ევროკავშირისკენ სწრაფვა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული მითითებების შესრულება, სასწავლო დაწესებულებებში ქალებისთვის თავშალის ტარების ბრძანების გაუქმება და სხვა სარწმუნოებების პატივისცემა მოჰყავთ.

მოწინააღმდეგეები კი ფემინიზმის მტრობაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უხეშ ხელყოფასა და მედიაორგანიზაციების დარბევაში ადანაშაულებენ.

ერდოღანის მიერ, მსოფლიოს წამყვან ჟურნალისტებთან იმის მტკიცების პარალელურად, რომ ის ღიაა კრიტიკისთვის, თურქეთის სხვადასხვა პენიტენციალურ დაწესებულებაში ტერორიზმის პროპაგანდისა და პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით, სასჯელს 150-ზე მეტი ჟურნალისტი იხდის. პრეზიდენტის რისხვისგან თავს ვერც მოსახლეობა იცავს.

თურქეთის პირველი პირის შეურაცხყოფის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 16 წლის მოზარდიც დააკავეს და ყოფილი "მის თურქეთიც". ოფიციალურ ანკარას, პროტესტის გრძნობა ევროპელი ჟურნალისტების მიმართაც გაუჩნდა და გერმანიას სატირიკოსის დაკავება იმავე ბრალდებით მოსთხოვა.

4 შვილის მამა, მარავლშვილიანობის აქტიურ პროპაგანდას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც ეწევა. გერმანიასთან დიპლომატიური უთანხმოების პირობებში, რომელიც ბერლინის გადაწყვეტილებას მოჰყვა, არ დაეშვა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თურქი მაღალჩინოსნების წინასარეფერენდუმო აგიტაცია, ერდოღანმა დიასპორის წევრებს ბევრი შვილის გაჩენისკენ მოუწოდა.

ოჯახის დაგეგმვასა და შობადობის კონტროლს დაუშვებლად მიიჩნევს, ქალებს კი მამაკაცების თანასწორად არ აღიქვამს-"ქალი და კაცი არ შეიძლება დაფასდეს ერთნაირად"- მიიჩნევს თურქეთის მეთორმეტე პრეზიდენტი.

ამის მიუხედავად, ევროკავშირში შესვლის ამბიცია მაინც აქვს. რისი მოგვარებაც რეფორმების გზით ვერ მოახერხა, კომპრომისებისა და კომპრომატების ენით სცადა. სტრატეგიული მდებარეობა და მიგრანტების კრიზისი მიზანმიმართულად გამოიყენა და ევროკავშირთან შეთანხმება გააფორმა, რომლის საფუძველზეც ის ევროპისკენ მიმავალ მიგრანტთა ნაკადს შეაჩერებდა, რითაც ევროკავშირში შესასვლელ გასაღებს მოიპოვებდა. შეთანხმებას წყალი ისევე შეუდგა, როგორც ზღვაში გასულ მიგრანთა ნავებს.

ევროპასკენ სავალი გზის ჩახერგვამ, რუსეთისკენ მიმავალი ბილიკი გაუხსნა და 2015 წლის 24 ნოემბერს, რუსული სუ-24 ჩამოგდებით, კრემლთან შექმნილი დაძაბული ვითარების მოგვარებას აქტიური "დიპლომატიური მანქანებით" შეუდგა. სხვადასხვა სატელევიზიო გამოსვლისას, ევროპის წევრ ქვეყნებსა და მათ ლიდერებზე თავდასხმით კი რუსეთის პირველი პირის კეთილგანწყობის მეტ-ნაკლებად დაბრუნება შეძლო, ყოველ შემთხვევაში, სავაჭრო დონეზე მაინც.

აი ქურთებთან შერიგება კი დღემდე ვერ მოახერხა. 1980-იანი წლებიდან მომდინარე დაპირისპირება. 10 ათასიანი მსხევრპლის მიუხედავად. დღესაც არ წყდება. უფრო მეტიც, გასულ წელს, ოფიციალურმა ანკარამ მასშატბური სპეცოპერაცია სახელწოდებით "ევფრატის ფარი" წამოიწყო. ეს სირიის კონფლიქტის მიმდინარეობისას საერთაშორისო კოალიციის წევრი ქვეყნის პირველი სახმელეთო ინტერვენცია იყო - გაცხადებული მიზანი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ფარული მიზანი - ქურთების განადგურება, თუმცა არც თუ ისე ფარული.

ექნება თუ არა ერდოღანის დაუოკებელ ამბიციას ექსპანსიური გაგრძელება ჯერ უცნობი, თუმცა ყურადსაღები ფაქტია.

myquiz